მესტიაში ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა – „აქ“ გაიხსნება. როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, გამოფენას და შეხვედრას ხელოვანთან  სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი 30 ივლისს, 15:00 საათზე, უმასპინძლებს.  პროექტის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა.
„ცნებებისა თუ ღირებულებების სიმყიფე და დღევანდელი სამყაროს გარდამავალი მდგომარეობა ,,ძველიდან” ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალში ˗ ეს ის კონდიციებია, რომლებიც ცენტრალურ ადგილს იკავებენ ლევან მინდიაშვილის სახელოვნებო პრაქტიკაში. თავად მასალის თუ შესრულების ხერხების არჩევანიც გარდამავალ, შუალედურ მდგომარეობებზე აკეთებს აქცენტებს და ჩვენი აღქმის ილუზორულ მექანიზმებს აყენებს კითხვის ქვეშ: ბეტონის ნარჩენებს მიმსგავსებული პიგმენტირებული თაბაშირის ქანდაკებები ფერწერის ელემენტებს იყენებენ ფერადი ნეონის ნათურების საშუალებით, ხოლო დაპიქსელებული, ძველი ფოტოს იმიტირებული, აკრილის საღებავით შესრულებული ფერწერული ტილოები კი, სამგანზომილებიან ობიექტებად გარდაიქმნებიან. ისინი მთლიანობაში ერთ ინსტალაციად იკვრება, სადაც არქიტექტურული და ბუნების ელემენტები სამყაროს ციკლურობას, თუ მუდმივ დენადობას შეგვახსენებენ და აწმყოს – ,,აქ და ახლას“ ˗ მატერიალური განცდის მცდელობას წარმოადგენენ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ლევან მინდიაშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბუენოს-აირესის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსიტეტში მიიღო. მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია: ,,გრანტი საჯარო ხელოვნებისთვის“ National Endowments for Arts (ნიუ-იორკი, 2014) და ,,ახალგაზრდა ხელოვანი” Movistar Arte Jóven (ბუენოს-აირესი, 2011). ამჟამად ის მოწვეული პროფესორია თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში. მონაწილეობა მიიღო არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, ინსტიტუციებსა თუ გალერეებში, მათ შორის: თანამედროვე ხელოვნების გალერეა ˗ საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისი), არსენალე (კიევი), ტარტუს ხელოვნების მუზეუმი (ტარტუ), The Lodge Gallery (ნიუ-იორკი), ლიტერატურის მუზეუმი (თბილისი), Clemente Soto Center (ნიუ იორკი), ODETTA (ბრუკლინი). მის უახლეს პერსონალურ გამოფენებს შორის აღსანიშნავია გამოფენები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), The Lodge Gallery (ნიუ იორკი), The Vazquez Building (ბრუკლინი), Kunstraub99 (კიოლნი).
გამოფენა ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და Project ArtBeat Project ArtBeat-ის მიერ.  პროექტი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას” მხარდაჭერით.
მისამართი: სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი. ა. იოსელიანის ქ. 7, მესტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები