ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი საოკუპაციო ზოლთან მყოფ აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები, საკუთარი ქმედებით, ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ.
„გვინდა გამოვეხამუროთ საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ წუთებში საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებენ. პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები, საკუთარი ქმედებით, ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. ეს სულისკვეთება საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს.
მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში, კვლავ გააქტიურდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტები, აღიმართა ე.წ. ბანერები. ორიოდე დღის წინ, ოკუპანტებმა მორიგი ხნული გაავლეს სოფელ ყარაფილასთან და ეს ყოველივე ხდება რუსეთის სამხედრო წვრთნების ფონზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მიშველაძემ.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია საკმარისი არ არის რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.
„ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია კვალავაც არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება მნიშვნელოვანია.
ამ ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. მოგეხსენებათ, დღეს ასევე, კენჭი ეყრება კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთისადმი, მათ შორის საქართველოში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო. პრეზიდენტი მიესალმება ამ ინიციატივებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.
საქართველოს პრეზიდენტი და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალეროვან წვრთნებს – „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელიც საქართველოში 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. წელს წვრთნებში NATO-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იღებენ მონაწილეობას, რომელთა შორისაა საქართველო. ეს წვრთნები მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. ასეთი მასშტაბური წვრთნების საქართველოში ჩატარება და მასში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას NATO-სთან, ასევე, ქმნის საფუძველს, ჩვენი ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისთვის“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები