ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც 90-დღიან ვადაში 3 ათასი ადამიანი არ დაბრუნებულა

“ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე, 3 ათასი არ დაბრუნებულა”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.
ხუციშვილის ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს.
„შეიძლება, მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი – ბელორუსიაში, ზოგი – თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს.
„მაგალითად, თუ ვინმე ჩავიდა ბელორუსიაში, დარჩა ერთი კვირა და მერე ჩავიდა ლიტვაში, ასეთი ხალხი ამ მონაცემებში არ ხვდება“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომელსაც ყველაზე მეტად სტუმრობენ საქართველოს მოქალაქეები, შალვა ხუციშვილმა აღნიშნა,  რომ ვიზიტორების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც პირდაპირი ავიარეისები მოქმედებს.
„ვიზიტორების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმ ქვეყნებშია, სადაც საქართველოდან პირდაპირი რეისებია და ასევე, სადაც დიდი დიასპორა გვყავს – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ა.შ. ამ სამი თვით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რისკები დიდი არ არის. პრევენციულმა მუშაობამ, გარკვეულმა საინფორმაციო კამპანიებმა შედეგი გამოიღო და მოქალაქეები მიდიან მოწესრიგებულად. რაც მთავარია, ასევე მოწესრიგებულად ბრუნდებიან უკან“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები