ახალი დეტალები ისლანდიაში დაკარგულ ქართველზე – „ჩემი ძმა ჩანჩქერში შესული არავის უნახავს“

ისლანდიაში დაკარგული საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ნიკა ბეგაძე ოჯახს უკანასკნელად 17 ივლისს, რუსთავში ტელეფონით დაუკავშირდა.
„კვირა“ ნიკა ბეგაძის ოჯახის წევრებს გურჯაანის რაიონში დაუკავშირდა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ჩანჩქერზე ნიკა 19 ივლისს გაემგზავრა.
როგორც „კვირას“ ნიკა ბეგაძის დამ განუცხადა, მის ძმას სამომავლოდ უამრავი გეგმა ჰქონდა და მის განხორციელებას აპირებდა. მისივე თქმით, ნიკა ბეგაძე საქართველოდან ისლანდიაში შარშან სექტემბერში, თანაკლასელთან ერთად წავიდა. 22 წლის ბეგაძე ოჯახით რუსთავში ცხოვრობდა და სკოლა „ჩირაღდანი“ დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბავშვობის მეგობართან, გიორგისთან ერთად ისლანდიაში წავიდა და იქ თავშესაფარს ითხოვდა.
„ვაიბერით დაგვირეკა, ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა. ჩემს შვილებს მოეფერა. მენატრებითო, გვითხრა. მხოლოდ საბუთებზე ნერვიულობდა. – მითხრა, რომ საკონსულოში საბუთები ხელახლა უნდა შევიტანოო. ერთი სული მაქვს, როდის გნახავთო. მომავალს ლამაზ და კარგ ფერებში ხატავდა. გვეუბნებოდა, ჩემს ყველა გეგმას განვახორციელებო. ერთი სული ჰქონდა, საბუთებს როდის მიიღებდა, რომ თავისი გეგმები ეტაპობრივად განეხორციელებინა“, – ამბობს ნიკა ბეგაძის და „კვირასთან“ საუბრისას.
ნინო ბეგაძე უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მისი ძმა ჩანჩქერში შევიდა და დაიკარგა, სიცრუეს უწოდებს. იგი ამბობს, რომ ნიკა ჩანჩქერთან მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მას, წყალში შესულს, ისინი, ან ჩანჩქერთან მყოფი ტურისტები აუცილებლად შენიშნავდნენ.
„ჩემი ძმა ჩანჩქერში შესული არავის უნახავს. იქ უამრავი ტურისტი იყო, ნუთუ არავინ შეამჩნევდა? ჩემი ძმა წყალში შესული ან გადამხტარი არავის უნახავს. იქვე ნიკას მანქანაც იყო. ეს მანქანა ნიკას მეგობარ გოგოს, ისლანდიის მოქალაქეს ეკუთვნის. მანქანაში ნიკას მობილური ტელეფონი და პარკით საკვები ნახეს. ტელეფონი გატეხილი დახვდათ. ჩემმა ძმამ ცურვა გადასარევად იცოდა. ისლანდიაში ქართველ მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, ყველა ეძებს ხმელეთზე თუ წყალში. ჩემი ძმა არსად არ ჩანს. მხოლოდ გატეხილი ტელეფონით, როგორ წერენ, დაიღუპაო. ჩემი ძმა არც თავს მოიკლავდა, მას უამრავი გეგმა ჰქონდა. არც უბედური შემთხვევა მგონია, რადგან ისლანდიაში ნიკას მეგობრებისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ იქ წყალი არ არის დიდი. არ ვიცი, რა გითხრათ, სანამ ჩემს ძმას არ იპოვიან…. „ , – აცხადებს ნინო ბეგაძე.
მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. “საკონსულოს მივმართეთ თხოვნით, რომ ჩემი ძმის მოძებნის პროცესში ყველა საჭირო საშუალება გამოიყენონ”, -ამბობს ნინო ბეგაძე.
ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქის, 22 წლის ნიკა ბეგაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ისლანდიურმა მედიამ გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის რუსთაველ ნიკოლოზ ბეგაძეს ეძებს. ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა. მისი მანქანა ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს. აღნიშნული ფოტო ჩანჩქერთან ახლოს მდებარე კამერების მიერაა გადაღებული. პოლიცია საქმეს, როგორც უბედურ შემთხვევას, ისე იძიებს. მომხდარი ფაქტის შესახებ, სამართალდამცავებმა დაკარგულის ოჯახს უკვე აცნობეს. ძებნის ოპერაცია ოთხშაბათს დასრულდა. პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, არ არის.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები