სასამართლო ე.წ “ფოტოგრაფების საქმეზე” განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ “ფოტოგრაფების საქმეზე” ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ე.წ „ფოტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულების ალექსანდრე მუხაძისა და დავით დევნოზაშვილის მიმართ. სასამართლომ, ბრალდებულებს ამნისტიის შესახებ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა დავით დევნოზაშვილს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით.
მათვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტები, კერძოდ დავით დევნოზაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირისა უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე ალექსანდრე მუხაძე გამტყუნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წელს ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. კერძოდ, დავით დევნოზაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ. თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ხელშეწყობით, დაკავებულ პირებთან შეხვედრის წესების უგულვებელყოფით, არაოფიციალურად ცალ-ცალკე შეხვდა ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ პირებს და მათგან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით მოიპოვა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებები, ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები