საქართველოს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს ანგარიში წარუდგინა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ექვს თვეში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ წარუდგინა ანგარიში.
როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, აღნიშნულ პერიოდში დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები; შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; გადაიდგა ნაბიჯები სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის სრულყოფის მიზნით; დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები; ჩატარდა არაერთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიება და დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა; პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ასევე უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
ანგარიშის წარდგენისას მთავარმა პროკურორმა იმ პრიორიტეტულ  მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა  პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები. მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, ასევე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის შედეგებზე, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე; გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა  ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ტერორიზმის, ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლა.
ასევე ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს ინფორმაცია ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმეთა განხილვის, პროკურორთა შეფასების სისტემის, გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, პროკურატურის ინიციატივით ჩატარებული კვლევების, ეთიკის კოდექსის, საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაზე და სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.
მთავარმა პროკურორმა  პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის იმ სამომავლო გეგმებზე  მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში სხვადასხვა მიმართულებებით იგეგმება.
ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს იქნა არჩეული. მთავარი პროკურორი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ საპროკურორო საბჭოს წინაშე წარადგინოს ანგარიში, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

http://pog.gov.ge/res/docs/angarisi19_07_2017.pdf

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები