პრეზიდენტი: ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ის ძალა, რომელიც ქმნის მომავლის პერსპექტივას, არის სწორედ ბიზნესი

ბიზნესი გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სოციალური პრობლემები გადაწყვიტოთ და ბიზნესი ქმნის იმ გარემოს, რომელიც ავითარებს ჩვენს სახელმწიფოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარე აჭარის საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბიზნესის ხელშეწყობა, სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს და დასაქმებას ხელს შეუწყობს.
“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო სტუმარი გვესწრება. ადამიანი, რომელიც წარმოადგენს, მე შემიძლია სიამაყით ვთქვა, უკვე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას – უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მე მინდა, მას, საგანგებოდ, მადლობა ვუთხრა დღევანდელი დღისთვის. ბატონი პეტრო არის ქართველი ხალხის ერთობის, თანხმობის და თანამოაზრეობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სულის ჩამდგემლი. გუშინ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და უკრაინას შორის პარტნიორობას, მაგრამ, ჩემი აზრით, დღევანდელი დღე იყო ილუსტრაცია, ემოციური ილუსტრაცია უკრაინელებისა და ქართველების ერთიანი ხედვისა მომავლისადმი. ბატონო პეტრო და მე დღეს ოკუპაციის ხაზზე ვიყავით. მან იქ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ერთდროულად არის ზუსტი ასახვა იმ ტრაგედიის, რაც ხდება ოკუპაციის ხაზზე, მაგრამ იმ მომავალი პერსპექტივის ყველაზე რეალური ოპტიმისტური ხედვა, რომელიც ამ ორ მებრძოლ ხალხს გვაერთიანებს. ოკუპაციის ხაზს მიღმა არის წარსული, ცრემლები, უპერსპექტივობა და დანარჩენი საქართველო არის მაგალითი იმის, როგორ ვითარდება თავისუფალი ქვეყანა, რომელმაც ევროპული არჩევანი გააკეთა. მართლაც, დღევანდელი დღის მშვენიერი დასასრული არის ის, რომ ჩვენ ბათუმში ვიკრიბებით, ვიკრიბებით ქალაქში, რომელიც სავსეა იდეებით, ინიციატივებით, მომავლის ხედვით, პერსპექტივებითა და, ამ თვალსაზრისით, თქვენი აქ ყოფნა, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელთა აქ ყოფნა, ალბათ, არის საინტერესო ილუსტრაცია მომავალი თანამშრომლობისთვის. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ზურაბ პატარაძეს, რეგიონის ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული. ორ კვირაში ერთხელ, ფაქტობრივად, აქ ვარ და სულ ახალ პერსპექტივებსა და პროექტებზე ვსაუბრობთ. პატივცემულო ბიზნესმენებო, კარგად დააკვირდით იმ პოტენციალს, რომელიც არსებობს საქართველოში, რომელიც არსებობს აჭარაში და მე მინდა გითხრათ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება, როგორც უკრაინაში, ისე საქართველში მზად არის და კარგად ესმის ის ძალა, რომელიც ამუშავებს სახელმწიფოს, ის ენერგია, რომელიც ქმნის პერსპექტივას მომავლისას, არის სწორედ ბიზნესი. ბიზნესი წყვეტს დასაქმებას, ბიზნესი წყვეტს ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესი გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სოციალური პრობლემები გადაწყვიტოთ და ბიზნესი ქმნის იმ გარემოს, რომელიც ავითარებს ჩვენს სახელმწიფოებს. საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ორივე ნათლად ევროპული ორიენტაციის ქვეყნებია”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები