„მჯერა, დადგება დრო და ქართველებსა და აფხაზებს ისევ გააერთიანებს საერთო ინტერესები, საერთო მიზანი“

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის როგორ ცხოვრობენ, ჩვენი ძმები და დები სოხუმსა და გაგრაში, გალსა და ოჩამჩირეში ტყვარჩელსა და გუდაუთაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ენგურჰესის” ტურისტული ცენტრად ქცევის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, მათ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი. მე შეგნებულად არ ვთქვი კიდევ ერთხელ, რადგან ჩვენ 25 წელია ჩაკეტილ წრეზე დავდივართ. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც შეიქმნა და ჩვენს მომავალ თაობებს არ უნდა დავუტოვოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, “ენგურჰესი” შეიძლება ნიმუშადაც გამოვიყენოთ, თუ როგორ შეძლება ომით გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესის გარშემო თანამშრომლობით შეიცვალოს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მას სჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ქართველებსა და აფხაზებს ისევ გააერთიანებს საერთო ინტერესები საერთო მიზანი.
“არ ვიტყვი არასდროს, რომ ჩვენ ურთიერთობა უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძმობის, ურთიერთობის ისტორია და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ მჭიდრო ურთიერთობების ისტორიაზე უნდა დავაშენოთ. მიზანი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, არის ჩვენი შვილების ერთად ცხოვრება მათი ბედნიერი მომავალი და გაერთიანებული გაბრწყინებული საერთო სამშობლო, რომელსაც ჩვენი საქართველო ჰქვია”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები