ირმა ყოჩიაშვილის მამის პირველი კომენტარი კანიბალიზმის საქმის განაჩენიდან ერთი თვის შემდეგ

„ძალიან ძნელია ჩემი ყოფა, მაგრამ ვუძლებ… მეტი რა დამრჩენია“ – აცხადებს „კვირასთან“ „კანიბალიზმის“ საქმის მსჯავრდებულის, ირმა ყოჩიაშვილის მამა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ, „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მას სასამართლოს განაჩენის ასლი ამ დრომდე არ უნახავს.
ირმა ყოჩიაშვილის მამის განმარტებით, აღნიშნული საქმის მეორე მსჯავრდებულის, ბექა შენგელიას ადვოკატი, განაჩენის თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და მასთან ერთად, ირმა ყოჩიაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენიც გასაჩივრდება.
„ირმას პირისპირ ჯერ არ შევხვედრივარ. ერთხელ გამომიძახეს სასამართლოზე და მაშინ მივედი. პირისპირ არც მაშინ მინახავს. მასთან შეხვედრას ჯერ არ ვაპირებ. არც კი მიფიქრია მაგ საკითხზე. ოქტომბერში უკვე ერთი წელი შესრულდება… ვიცი, რომ ნანობს, მაგრამ სინანულით რა?! სასამართლოს განაჩენი ჩემამდე ჯერ არ მოსულა. მე შორს ვარ მაგ საკითხისგან. როგორც ვიცი, ბექა შენგელიას ადვოკატი აპირებდა განაჩენის გასაჩივრებას, თუ ისინი გაასაჩივრებენ, მაშინ ირმას განაჩენიც გასაჩივრდება“, – ამბობს ომარ ყოჩიაშვილი.
მას შვილზე საუბარი უჭირს და მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლება, ამბობს, რომ მიუხედავად, მისი მდგომარეობისა, ბინის შეცვლას არ აპირებს. ომარ ყოჩიაშვილი თითქმის ერთი წელია, მარტო ცხოვრობს იმ სახლში, სადაც შვილმა და შვილის მეგობრებმა ცოლი მოუკლეს.
„ჯერჯერობით ვუძლებ ჩემ ყოფას. სახლის გაყიდვას და შეცვლას არ ვაპირებ. დილით სამსახურში მივდივარ და მთელი დღე იქ ვარ. ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ ჟურნალისტებთან სასაუბროდ. ან რა აზრი აქვს… ვისთან უნდა ვისაუბრო? ჩემს სიტუაციას ვერავინ შეცვლის“, – ამბობს ომარ ყოჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კანიბალიზმის გახმაურებული საქმის მთავარი ბრალდებული ბექა შენგელია კანიბალიზმის ნაწილში გაამართლა, თუმცა დანარჩენი ბრალდებებით მას უვადო პატიმრობა შეუფარდა, მოკლული ქალის ქალიშვილს, ირმა ყოჩიაშვილს — 20-წლანი პატიმრობა.
2016 წლის ოქტომბერში ჩადენილი დანაშაული, რომელსაც „კანიბალიზმის საქმე“ ეწოდა, ყველაზე ხმაურიანი საქმე გახდა. საქმის მასალების თანახმად, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი თავისივე ბინაში ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით ბექა შენგელიას ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, თბილისის გარეუბანში, გლდანის ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ეს რიტუალური მკვლელობა იყო, კანიბალიზმის ნიშნებით.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულების – ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ლუბა ყ.-ს მკვლელობისათვის ირმა ყ.-ს 20 წლით, ხოლო ბექა შ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, — ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები