თურქეთის ელჩი: არც მუსტაფა ემრე ჩაბუქს და არც სხვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს თურქეთში სასამართლო პროცესის

„არც მუსტაფა ემრე ჩაბუქს, არც სხვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს და თურქეთში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი“, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ვერავინ დამისახელებს იმის კონკრეტულ მაგალითს, რომ იმ პირების მიმართ, ვინც წარდგნენ სასამართლოს წინაშე, უსაფრთხოებას, ან წამებას, ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამის კონკრეტულ ერთ მაგალითსაც ვერავინ დამისახელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთ წერს თავის მოხსენებას და წერის დროს მხოლოდ შორიდან გაგონილ ფაქტებს ეყრდნობა. თუ არ ჩავთვლით ასეთ მოხსენებებს, არ არსებობს კონკრეტული ფაქტი საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ დასახელებული, რომელიც თურქეთში მომხდარ მსგავს ფაქტებს აღწერდა”, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ვერანაირ პრეტენზიას ვერ მიიღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს ან ვინმე არაადამიანურ მოპყრობას განიცდიდეს. საქართველოში თურქეთის ელჩის თქმით, თურქეთი უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი პირის სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. ელჩის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. მისივე თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია თურქეთის სასამართლოსთვის ფუნდამენტური პრინციპია.
„აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უდანაშაულოა, თამამად შეუძლია წარდგეს თურქეთის სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და აქ არ არის რაიმე საფრთხე”, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, თურქეთის სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ელჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული არ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის ყოველთვის ღია იქნება ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარი.
„მაშინ, როდესაც არსებობს სამართლებრივი სასამართლოს ყველა მექანიზმი, თავიდანვე ასეთი არასწორი და მცდარი ბრალდებების წამოყენება,მე ძალიან არასწორად მიმაჩნია”, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ის კონკრეტულ სამართლებრივ პროცესზე ვერ ისაუბრებს.
მისივე თქმით, თურქეთში დაწერილ საბრალდებო დასკვნაში არის მოყვანილი ძალიან ნათელი არგუმენტები იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი.
„აქედან გამომდინარე, ყველაზე მართებულია, რომ ეს ადამიანი წარდგეს სასამართლოს წინაშე თურქეთში და იქ ისაუბროს მის წინაშე წაყენებული ბრალეულობა არის თუ არა სამართლიანი და მართებული”, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისათვის, 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები