გურამ მაჭარაშვილი – ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა – ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
ოჯახურ ტრადიციებს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს. ჯერ შეაჩვიეს ქართული საზოგადოება აზრს, რომ რა მოხდა კაცს თუ კაცი მოეწონება, რადგან ბიოლოგიურად ყველას აქვს უფლება ვისთანაც სურს იმასთან იცხოვროს. შეეცადნენ საზოგადოებაში იუმორით შემოეტანათ ეს დამოკიდებულება და საბოლოოდ, საერთოდაც ამ ურთიერთობების დაკანონება მოითხოვეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ერის წარსულის დავიწყებისკენ მიმართული კამპანია იყო.
„ყველაფერი ეს, თავიდანვე ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა. ახალგაზრდებს უხსნიდნენ და ქადაგებდნენ, რომ ქვეყნის ისტორიის და ერის წარსულის ცოდნა საჭირო არ იყო. ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, არც ოჯახის ინსტიტუტს აღიარებს და არც არაფრის რწმენა აქვს, იმას ძალიან კარგად და მარტივად მართავ. როცა შენ პოლიტიკოსობაზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე გაქვს პრეტენზია იმ ქვეყანაში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია, რომელსაც ასი ათასი მოწამე და უამრავი წამებული წმინდანი ჰყავს, ხელს აწერ გეი-პროპაგანდას (ეს დოკუმენტი არსებობს), პასუხისთვისაც მზად უნდა იყო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.