საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ვერდიქტი: 151 გრამამდე კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხედ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ლალი ფაფიაშვილმა პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის სარჩელთან დაკავშირებით პირველი კოლეგიის ვერდიქტი დღეს გამოაცხადა. ვერდიქტის თანახმად, 151 გრამამდე კანაფი არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც ქმნის მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს, ხოლო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ კანაფის მფლობელს უქმნის საფრთხეს, აშკარად არაპროპორციულ სასჯელს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც კანაფის უკანონოდ, პირადი მოხმარების მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ცალ-ცალკე შეაფასა კანაფის სადავოდ გამხდარი ოდენობიდან გამომდინარე საფრთხეები. 265, 49 გრამი და უფრო მეტი რაოდენობის კანაფის დათესვა და მოყვანა სასამართლოს გადაწყვეტილებით, აჩენს მისი გავრცელების მაღალ რისკებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ოდენობის კანაფის მოყვანისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასაშვებია და ემსახურება სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვას. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მძიმე დანაშაულებისათვის დაწესებულ სასჯელთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 265,49 გრამი კანაფის მოყვანისათვის დაწესებული სასჯელის ზომა -ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მაინც არაპროპორციული სასჯელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები