აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდში მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. კვირეული ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით იწყება, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავს მიზნად. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნება, სადაც ხელოვანები აფხაზეთის თემატიკით შთაგონებულ ნამუშევრებს შექმნიან. პარალელურად, გაიმართება ფერწერის მასტერკლასები და მოეწყობა ფოტოგამოფენა – „კადრები აფხაზეთიდან“.

დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნობიან აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრები სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილების“ დატოვებას შეძლებენ.

ბავშვებისათვის, ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართება. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასებს და გაეცნონ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.

დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შავნაბადა“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლები „ჩელა“ და „ოდოია“, ასევე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსი თაობა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები