მიხეილ ჯანელიძე მოლდავეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხელ ჯანელიძეს მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქ. კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობის შესამჩნევ დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით. დადებითად შეფასდა მიმდინარე წელს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებს.
მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლის ზრდას, ასევე, მოლდაველი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ გამოხატულ მზარდ ინტერესს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ ფილიპს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და ყურადღება საქართველოს ლიბერალურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე გაამახვილა. უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ მოლდაველი პრემიერი თბილისში აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაში – „Tbilisi Road and Belt Forum” მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსა და მოლდავეთის საერთო მიზნებისა და ინტერესების განხორციელებაში, რაც უკავშირდება აღნიშნული ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არსებულ გამოწვევებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია გაიზიაროს ურთიერთგამოცდილება სახელმწიფოს განვითარების, წარმატებული რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით.
მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს წარმატებული რეფორმებით საჯარო ადმინისტრირების, სამოქალაქო სერვისების და საგადასახადო სისტემების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები