“ციანიდის სკანდალი ღმერთის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა, რათა საპატრიარქოში ყველაფერი გაიშიფროს”

„დღეს, საპატრიარქოში ისეთი სიტუაციაა, თუ ხმას ამოიღებ უმსგავსოების წინააღმდეგ და შეეცდები, ეკლესიაში დავანებული ბიწიერება მოსპო, მაშინვე „მართლმადიდებლობის მტრად“ გამოგაცხადებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
სასულიერო პირი გამოცემასთან საპატრიარქოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე მამაზეციერმა დაუშვა, რათა საქართველოს ეკლესიაში წლების განმავლობაში დახვავებული პრობლემები „მზის სინათლეზე“ გამოეტანა.
„ციანიდის სკანდალი ღმერთის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა, რათა საპატრიარქოში ყველაფერი გაიშიფროს, ამოტივტივდეს და ამის შემდეგ მაინც დაგვაყენოს ღმერთმა სასიკეთო გზაზე! თუ ეკლესია არ გაიწმინდება, უფალი საქართველოს ლაზარესავით ვერ აღადგენს! დეკანოზი მამალაძე იქნებოდა თუ სხვა ვინმე, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. რაც საპატრიარქოში ტრიალებს, ის უნდა გამჟღავნებულიყო! არ ვიცი, ვინ რას გეგმავდა, მაგრამ ფაქტი ერთია – საქართველოში დაწყებულია ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის და გავლენის სფეროების მოსაპოვებლად! ეს ბრძოლა სათავეს იღებს იმ პერიოდიდან, როცა პატრიარქი უძლურებაში ჩავარდა. ერთმანეთს იმისთვის კი არ მტრობენ, რომ პატრიარქი გადადგეს, რადგან მე უფრო წმინდა ვარ და ეკლესიაში არსებული პრობლემები უნდა გადავჭრაო, არა! ამათ აინტერესებთ მხოლოდ ფული, ქონება, გავლენები და ასე შემდეგ. ამისთვის ამტვრევენ ერთმანეთს თავ- პირს! სწორედ ამის გამო, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ საპატრიარქოს უკეთურობას ფარდა აეხადოს!“ – აცხადებს მოძღვარი.
ამასთანავე, სასულიერო პირი ინტერვიუში მამა პეტრე ცაავაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პეტრე ცაავას ეკლესიიდან ვერავინ შეეხება.
„ პეტრე ცაავას ვერავინ განკვეთს, რადგან მან ზედმიწევნით იცის, რაც ხდება საპატრიარქოს სამზარეულოში! თუ პეტრე ცაავამ გაბედა და ყველაფერი თქვა, საპატრიარქო თავდაყირა დადგება, ამიტომაც პეტრეს ვერავინ შეეხება!“ – ამბობს მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ის და შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში წლების წინ ერთად მივიდნენ. სასულიერო პირი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილს ვერავინ ვერაფერს დააბრალებს.
„გაიძახიან, შორენა, შორენა, შორენა – პატრიარქმა მთელი ორმოცი წლის განმავლობაში, ამ ქალბატონის შეცდომები ვერ დაინახა? თუ ვერ დაინახა, მაშინ პატრიარქს სხვა რამეც ვერ დაუნახავს, რაც ძალიან სამწუხაროა. არადა, ღრმად მწამს, რომ პატრიარქმა ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს, მაგრამ თვითონ არსად ჩანს და ჩანს მხოლოდ შორენა“, – აცხადებს მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები