“ზაფხულის სეზონის პიკთან ერთად, ქალაქში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ყველა შესაბამისი სამსახურის მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს” – ქობულეთის მერი
“მოადგილეებთან ერთად, მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე”, – ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა.
ცეცხლაძის თქმით, შეხვედრაზე ტურისტული სეზონის აქტიური ფაზის მიმდინარეობა და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები იქნა განხილული.
“ყურადღება გავამახვილეთ ზაფხულის სეზონზე სამუშაო პროცესების ეფექტიანად ორგანიზების აუცილებლობაზე. ასევე, დაქვემდებარებული სტრუქტურების სამუშაო გრაფიკის ცვლილებას, მობილური ჯგუფების დამატებასა და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურებას.
ზაფხულის სეზონის პიკთან ერთად, ქალაქში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ყველა შესაბამისი სამსახურის მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასუფთავების, გამწვანების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი დაქვემდებარებული დაწესებულებების შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის სტუმრებს დახვდეთ უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო”, – აღნიშნა ირაკლი ცეცხლაძემ.