დავით სონღულაშვილმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, გიგლა თამაზაშვილს და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი რეგიონებში სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარეობის შეფასება, არსებული საჭიროებების გამოვლენა და იმ საკითხების განხილვა იყო, რომლებიც წყალმომხმარებლებისთვის უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

„მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ მიმდინარე პროცესებს, მოვისმინოთ რეგიონებში არსებული გამოწვევები და უშუალოდ განვსაზღვროთ, რა მიმართულებით არის საჭირო დამატებითი მხარდაჭერა. მელიორაცია დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა – ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გვაქვს მასშტაბური გეგმები და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან, რათა განხორციელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გარკვეული გავლენა იქონია სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის მეტეოროლოგიურმა პირობებმა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გაგრძელდეს და საირიგაციო სეზონზე ფერმერებს წყლის მიწოდებაში შეფერხებები არ შეექმნათ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა რეგიონული სამსახურების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონებში მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციას, გამოწვევების დროულ იდენტიფიცირებასა და შემდგომი ნაბიჯების ეფექტიანად დაგეგმვას.

„მნიშვნელოვანია, რომ მინისტრმა უშუალოდ რეგიონული სამსახურებისგან მოისმინა ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტულია. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც სარეაბილიტაციო, ისე საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარეობა. საყურადღებოა, რომ დაკონტრაქტების მაჩვენებელი მაღალია და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ასევე, დაიგეგმა ადგილზე ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც მინისტრი უშუალოდ გაეცნობა რეგიონებში მიმდინარე სამუშაოებს“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძაძამია ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები