„სააკაშვილი ძალიან უზრდელურად, არაკაცურად მოიქცა, რის გამოც ხელი დავავლე და იქიდან კინწისკვრით გავაგდე“

„თემურ ალასანია პირადად მოვიდა ჩემთან, ქაღალდზე 1 -იანი დამიწერა და მითხრა – რამდენი ნულიც გინდა მიუწერე და იმდენს გადაგიხდიო!” – აცხადებს საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან კენჭაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, რომელიც სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს პროკურატურაში უჩივის.
ლევან კენჭაძე საგამოძიებო უწყებისგან ითხოვს, რომ მისი უკანონოდ დაპატიმრების საქმე ობიექტურად გამოიძიონ. როგორც ლევან კენჭაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკანონოდ იყო დაპატიმრებული და მან 2013 წელს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად საჩივრისა, საგამოძიებო უწყება საქმეს აჭიანურებს. როგორც გენერალ-მაიორი ლევან კენჭაძე ინტერვიუში აცხადებს, მან თემურ ალასანია იარაღის უკანონო გაყიდვაში ამხილა. მისივე თქმით, ვაზიანში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზიდან იარაღს უკანონოდ ყიდულობდნენ და ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე იყენებდნენ.
„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი ღონისძიებები გავატარეთ და დავადგინეთ, რომ ვაზიანის რუსული ბაზიდან მართლაც ხდებოდა იარაღის უკანონო გაყიდვა. სამხედრო ბაზა რუსების იყო, მაგრამ იქ ქართველები და სომხებიც მუშაობდნენ. ბაზის ერთ-ერთი მუშაკი, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობაზე წამოვიდა და დაგვეხმარა, მეზობელ ქვეყანაში გადავმალეთ. სწორედ ამის შემდეგ გამოაშკარავდა, რომ ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზიდან იარაღის უკანონო გაყიდვაში სააკაშვილის ბიძა – თემურ ალასანია იყო ჩართული. თემურ ალასანია პირადად მოვიდა ჩემთან, ქაღალდზე 1 -იანი დამიწერა და მითხრა, რამდენი ნულიც გინდა მიუწერე და იმდენს გადაგიხდი, ოღონდ ის კაცი მომეცი, რომელმაც თქვენთან ითანამშრომლა და ვაზიანის ბაზიდან იარაღის გაყიდვის ამბავი „გახეთქაო“. ამაზე, ბუნებრივია, უარი ვუთხარი. ალასანია მაშინ „ფეესბეს“ თანამშრომელი იყო და უნდოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმე ჩაეფარცხა. დიახ, ასე იყო და სააკაშვილის ბიძა ჩემი დაუძინებელი მტერი გახდა. რამდენიმე წლის წლის მერე, როდესაც “ნაციონალებმა” დამიჭირეს, თემურ ალასანია სასამართლო პროცესზე მოვიდა, მომიახლოვდა, თავი იქედნურად დამიკრა და წავიდა. ამით მაგრძნობინა, სამაგიერო გადაგიხადე და ახლა ჩემს ხელში ხარო“, -აცხადებს ლევან კენჭაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ლევან კენჭაძე ამავე ინტერვიუში მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირებასაც იხსენებს.
„ერთ-ერთ ოჯახში სუფრაზე ვიყავით, სადაც სააკაშვილი ძალიან უზრდელურად, არაკაცურად მოიქცა, რის გამოც ხელი დავავლე და იქიდან კინწისკვრით გავაგდე. მაშინ სააკაშვილი პარლამენტის წევრი იყო. მაშინ სააკაშვილი ისე უზრდელურად მოიქცა, საჯაროდ ვერც კი გავამხელ იმას, რაც სხვის ოჯახში სტუმრად მყოფმა იკადრა“, – ამბობს ლევან კენჭაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები