თეა სირაძე: სააკაშვილის რეჟიმი რომ არ შეცვლილიყო, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი

„სააკაშვილის რეჟიმი რომ არ შეცვლილიყო, გეფიცებით, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი“, – ამბობს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული თეა სირაძე, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ყოფილი პატიმარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საპატიმროში გატარებულ დღეებს იხსენებს. თეა სირაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პატიმრებს ძალით „აფუჭებდნენ“ და საპატიმრო წლებს უმატებდნენ.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, რის გამოც იგი პარტია „ქართულ ოცნებას“, სასჯელაღსრულების მინისტრს და მე-5 დაწესებულების დირექტორს მადლობას უხდის.
„ელემენტარულად, დაძინების გვეშინოდა, რომ არ „გავეფუჭებინეთ“. ყოფილა შემთხვევები, თვითონვე დაუდიათ მობილურები პატიმრებისთვის და ამის გამო წლები დაუმატებიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ – „ქართულმა ოცნებამ“ გადამარჩინა. ხუთი წლის განმავლობაში, მშვიდად მეძინა. ჩემს შვილებს ჯანმრთელი დავუბრუნდი. როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ანალოგიურად ვულოცავ კახი კახიშვილს – მე-5 დაწესებულება სამოთხე გახდა, რაც იქ ქალბატონმა ნესტან ვერულაშვილმა შემოდგა ფეხი. ეს ადამიანი ღვთის საჩუქარი იყო მე- 5 დაწესებულებისთვის.
საპყრობილეში ძალიან ბევრი ღირსეული მსჯავრდებული დავტოვე. ადამიანობას ვფიცავ, მათზე ფიქრით არ მძინავს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქედან სიტყვა შევაწიო, თუმცა მშვიდად ვარ, რომ ისინი ნესტან ვერულაშვილის, ზაზა ადანიას და ბევრი სხვა კარგი ადამიანის ხელში არიან“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.
ამავე ინტერვიუში თეა სირაძე მადლობას უხდის დეპუტატ ირმა ინაშვილს, რომელმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სამსახური შესთავაზა.
„ვერ წარმოიდგენთ, როგორი ძალა შემმატა ირმა ინაშვილის ნახვამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას ნამდვილად უყვარს სამშობლო და ყოველთვის მის გვერდით დავდგები! ციხიდან გამოსულსაც კი მომცა შანსი ცხოვრების ადამიანურად გაგრძელების!“ – აცხადებს თეა სირაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები