ქალი, რომელიც მამაკაცების ცემისთვის გაასამართლეს, დანაშაულს არ ნანობს – რა სიტყვებით მიმართავს პროკურორს თეა სირაძე

„ყველაზე მტკივნეული იცით რა იყო? პოლიციელებმა ინდოელების ნაამბობს დაუჯერეს და საკუთარი მოქალაქე, ოთხი შვილის დედა ციხისთვის გამიმეტეს“
„არასოდეს ვინანებ, ინდოელები რომ ვცემე“, – აცხადებს ოთხი შვილის დედა, კიკბოქსში საქართველოს სამგზის ჩემპიონი თეა სირაძე, რომელმაც პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.
თეა სირაძე 5 ინდოელის ცემის ფაქტზე 2010 წლის 31 აგვისტოს დააკავეს. სასამართლომ მას 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც თეა სირაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან ინტერვიუში აცხადებს, საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, დაწესებულების დირექტორმა, ნესტან ვერულაშვილმა შეატყობინა. ყოფილი პატიმარი გამოცემასთან იმ ემოციებზე საუბრობს, რაც მაშინ დაეუფლა, როცა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია შეიტყო.
„სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა. ვერც კი აღვწერ, რა შეგრძნება მქონდა. დღესაც თავი სიზმარში მგონია. ბავშვები ერთი წამითაც არ მტოვებენ. ხელის გაშვების ეშინიათ, რომ დედა კიდევ არ წაიყვანონ მათგან შორს“, – ამბობს თეა სირაძე.
გათავისუფლებული პატიმარი გამოცემასთან 2010 წლის 31 აგვისტოს დღეს იხსენებს.
„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახლობელს 4 500 აშშ დოლარი ვასესხე. მან ეს თანხა ინდოელებს მისცა და უკან აღარ უბრუნებდნენ. მისი თხოვნით, მევალეებს შევხვდი. თავიდან ფულის დაბრუნებაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ საუბრის შემდეგ, დამპირდნენ, რომ ათ დღეში ვალს გაისტუმრებდნენ. იმ ავადსახსენებელ დღეს, ერთ-ერთ რესტორანში ვიმყოფებოდი და მათთვის ფულის გამოსართმევად სწორედ იქიდან წავედი, საშინელი აგრესიით შემხვდნენ. უწმაწური სიტყვებით მომმართავდნენ, ცინიკურად მეუბნებოდნენ – რომ არ მოგცეთ, რას იზამო? თვალთ დამიბნელდა, საქართველოში ჩამოსული სტუმარი უდანაშაულო ადამიანს შეურაცხყოფას რომ მაყენებდა, თუმცა ზედმეტი არაფერი გამიკეთებია. გაბრაზებულმა ფული გამოვართვი და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი იქიდან. ქვემოთ ჩამოსულს, სადარბაზოსთან ხუთი ინდოელი დამხვდა. გულწრფელად გეუბნებით, მათი ცემა წინასწარ გამიზნული არ მქონდა. ოჯახში არ იყო იმის გასაჭირი, რომ 4500 დოლარის გამო, ვიღაცას გავკიდებოდი და ცემით მომეკლა. თავს დამესხნენ და მე რა უნდა მექნა?! უკაცრავად, მაგრამ თავი არ დამეცვა?! საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მე აღმოვჩნდი ძლიერი. როდესაც ადამიანი მწარდები, არაბუნებრივი ძალა გეძლევა, თითქოს შენში მხეცი იღვიძებს. ამ დროს გონება გებინდება და შეიძლება ადამიანი შემოგაკვდეს კიდეც. ერთი სიტყვით, შეურაცხყოფა მომაყენეს და პასუხიც მიიღეს, თუმცა ისეთი ნაცემები არ იყვნენ, რომ ფეხზე ვერ ამდგარიყვნენ. უბრალოდ, თავი დავიცავი, კარგად მივბეგვე და წამოვედი. რას წარმოვიდგენდი, თუ ამის გამო დამაპატიმრებდნენ. დიახ, მეამაყება, ხუთი კაცი რომ ვცემე, მაგრამ სამწუხაროდ, მათი გალახვა 7 წლით თავისუფლების აღკვეთის ფასად დამიჯდა, რაც ტანჯვად მექცა. ყველაზე მტკივნეული იცით რა იყო ? პოლიციელებმა ინდოელების ნაამბობს დაუჯერეს და საკუთარი მოქალაქე, ოთხი შვილის დედა ციხისთვის გამიმეტეს. არ ვამბობ, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მაგრამ რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ის ნამდვილად არ ჩამიდენია. ბრალი თავიდან ბოლომდე პროკურატურამ შეთითხნა. სააკაშვილის ხელისუფლებამ უცხოელების წინაშ მარკები აიწია – ხედავთ, როგორ ვიცავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ოღონდ თქვენ იგრძენით თავი კარგად და ქართველებსაც კი არ დავინდობთო! ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ის პროკურორი, რომელმაც ასე გაიმეტა ჩემი შვილები, მაგრამ ძალიან მიკვირს, ამდენი ცოდვით დამძიმებული როგორ ცხოვრობს?!“ – აცხადებს თეა სირაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, სასამართლოზე საქმის არსებითი განხილვაც არ ჩატარებულა და პროცესი მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა. სასამართლომ კი თეა სირაძეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები