თბილისში, პედოფილიაში მხილებულ მამაკაცს ლინჩის წესით გაუსწორდნენ

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი გადაიყვანა. მას სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პაციენტი, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნებით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.
გაზეთის ინფორმაციით, მამაკაცს თბილისის ერთ-ერთ უბანში ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა. შეიძლება ითქვას, რომ ის ლინჩის წესით გაასამართლეს, რამაც საბოლოოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.
როგორც “პრაიმტაიმს” შემთხვევის ადგილზე განუმარტეს, მამაკაცი, უკვე კარგა ხანია, პედოფილიაში იყო შემჩნეული. მოსახლეობის ცნობით, მისი ვინაობის დადგენას პოლიცია სამი თვის განმავლობაში ცდილობდა. ბოლო შემთხვევა ამ უბანში მდებარე სკვერთან მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გოგონას მოტყუებით ავტომობილში ჩასმას ცდილობდა, მანამდე კი მის მიმართ გარყვნილი ქმედება სცადა. მოძალადე მამაკაცს ბავშვი ხელიდან დაუსხლტდა და მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო. ბავშვის მამამ და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე მამაკაცმა პედოფილიაში მხილებული პირი იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ის ჯიპის მარკის ავტომობილით გაქცევას ცდილობდა.

“კორპუსის წინ მოხდა ეს ამბავი. ბავშვი მანქანაში უნდა ჩაესვა. მერე ეს კაცი სცემეს ბავშვის მამამ და უბნის ბიჭებმა. ვინ შეარჩენდა აბა, ასეთ რაღაცას, ხო?! მერე ეს კაცი პოლიციამ წაიყვანა. ალბათ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, იმიტომ, რომ საშინლად იყო ნაცემი. ვერცხლისფერი ჯიპი ჰყავდა. მერე, კაი ხანი, ეს მანქანა აქ იდგა. ცოტა ხნის წინ, წაიყვანეს. მისი შვილი ცხოვრობს აქვეო, როგორც თქვეს. ოჯახშიც არ ჰქონია ამ კაცს კარგი ურთიერთობა. გამოგდებული ჰყავდათ სახლიდან და ხშირად მანქანაში ეძინაო. ისიც თქვეს, რომ სუპერმარკეტის კამერებს ჰყავთ დაფიქსირებულიო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი”, – ამბობს თვითმხილველი “პრაიმტაიმთან” საუბრისას.
ახლოს მდებარე მარკეტის გამყიდველი, რომელიც ცემის ფაქტს შეესწრო, აღნიშნავს, რომ პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი ერთ-ერთმა ბავშვმა ამოიცნო.
“როგორც გავიგე, ბავშვებს დასდევდა და იტყუებდაო. რამდენჯერმე შეუმჩნევიათ. ბოლოს, ერთ-ერთმა ბავშვმა ამოიცნო კიდეც. გამწარებული იყო მამამისი. დიდი ჩოჩქოლი ატყდა უცბად. თვითონ კი ყვიროდა, არ ვარ დამნაშავეო, მაგრამ ეგ კაცი სხვა შემთხვევებშიც ფიქსირდებოდა, პოლიციასაც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ვერ იჭერდნენ. კონკრეტული ფაქტი არ ჰქონდათ, თუ სხვა მიზეზი იყო რამე, არ ვიცი. ბავშვი მოიყვანეს და ამოიცნო. ტირილი დაიწყო,  ეს ის კაცი იყოო, – თქვა. ამის შემდეგ, უკვე დაიწყო შეხლა-შემოხლა და მთელი უბანი დაესია. სხვებმაც იცნეს აქ. გამხდარი, ჭაღარა კაცი იყო და მისი ამოცნობა ძნელი არ იქნებოდა”, – აღნიშნავს მარკეტის გამყიდველი.
შს სამინისტროში “პრაიმტაიმს” დაუდასტურეს, რომ ზემოხსენებულ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილზე მისულ პოლიციას შუახნის მამაკაცი ნაცემი დახვდა. ირკვევა, რომ ადგილობრივების მიერ პედოფილიაში მხილებული პირი, ისევე, როგორც მის ცემაში მონაწილე მცირეწლოვანი ბავშვის მამა, პოლიციამ დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანა.
პირველ ეტაპზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა საქმე მას შემდეგ გადაკვალიფიცირდა, რაც ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, პოლიციის განყოფილებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, დაეწყო სისხლღებინება, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ამჟამად საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რომელმაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური ანგარიშსწორება. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, ვინ და რა ბრალდებით მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია – არ არის გამორიცხული, სწორედ ამ მუხლით დააკავონ არასრულწლოვანი გოგონას მამა და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, რომლებმაც ბავშვზე ძალადობაში მხილებული პირი ლინჩის წესით გაასამართლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები