ავთანდილ ხურციძე: “მოდიან პატიმრები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან, “ჩაქუჩა”, როგორ მოვიქცეთო?”

“38 დღეა გასული დაპატიმრებიდან, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?!” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულმა, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ქართველმა მოკრივემ – ავთანდილ ხურციძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ხურციძე გამოცემასთან მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.
„თვითმფრინავიდან გამოვედი თუ არა, JFK-ის აეროპორტში, პასპორტების შემოწმების შესახებ გამოაცხადეს. თურმე, ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა. როცა ამერიკული მოწმობა ვაჩვენე, დაპატიმრებული ხარო! ხელბორკილების დადებისას, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორი ძლიერი ხელები აქვსო. ხელები უცახცახებდათ. რა გასაკვირია?! მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური ვიყავი. ალბათ, ეგონათ, დავტრიალდებოდი და ჰაერში სალტოების კეთებას დავიწყებდი. როცა ვუთხარი, გიჟი არ ვარ და არც ზედმეტი პრობლემები მჭირდება-მეთქი, გაუხარდათ – არც ჩვენო. ისე, მაგარი მომზადებულები კი იყვნენ. ერთადერთი, ტანკი არ დაუხვედრებიათ, თორემ სხვა ყველაფერი იყო აეროპორტში. ამაზე ის გამახსენდა, საქართველოში დახვედრით გულნატკენი რომ ვიყავი და გავიფიქრე, ა, ბატონო, დახვედრა ამერიკელებს სცოდნიათ-მეთქი! მკითხეს, იცი რისთვის დაგაპატიმრესო?! საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი?! ბევრ რამეში გედება ბრალი და მოსამართლისგან შეიტყობო. სხვათა შორის, იმ ბიჭებს მალე დავუმეგობრდი – ცოტა ხანში ხელბორკილებიც მომხსნეს. გული იმაზე მწყდება, რომ აეროპორტიდან ჩემიანებს ვერ დავუკავშირდი“,- აცხადებს ავთანდილ ხურციძე.
ხურციძე საპატიმროში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს.„მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: “ჩაქუჩა”, როგორ მოვიქცეთო? ზედამხედველებიც და პატიმრებიც დიდ პატივს მცემენ, ერთად ვვარჯიშობთ“, – აცხადებს ხურციძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები