ჯარჯი წიკლაური: გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებულ იარაღზე დამატებითი ექსპერტიზა არ ჩატარებულა

“იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აღიარებს იარაღის ქონას და იმას, რომ ეს იარაღი მას ეკუთვნის, არავითარი დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საჭიროება აღარ იყო”,- ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
წიკლაურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მხრიდან დაისვა კითხვები, თუ რატომ არ ჩაუტარდა იარაღს დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, გიორგი მამალაძე იარაღის ქონას საერთოდ უარყოფს, რაც წიკლაურის შეფასებით, სიცრუეა.
“ერთ-ერთმა ადვოკატმა, ეკა ლომიძემ ისიც განაცხადა საჯაროდ, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა იარაღის ქონას. მინდა ვურჩიო ამ კონკრეტულ ადვოკატს, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე, კარგად გაეცნოს საქმის მასალებს. ბრალდებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა და ეს იარაღი ამოღებულია მისი საძინებლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აღიარებს იარაღის ქონას და რომ ეს იარაღი მას ეკუთვნის, არავითარი დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საჭიროება აღარ იყო.
უდავოდ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ბრალდებული საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა იარაღს. მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებით, ადვოკატები ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ ამ უტყუარ ფაქტს”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები