თენგიზ სიგუას შვილიშვილის ტრაგიკული ისტორია – „გოგონა ისე დაკრძალეს, რომ დედამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა“

“საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილს, ქეთი სიხარულიძეს ოპერაცია 21 ივნისს ჩაუტარდა. ღვიძლი დედამ გადაუნერგა. მაგრამ გოგონას თირკმელმა უმტყუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორგანიზმმა დედის ღვიძლი არ მიიღო”, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გაზეთის ცნობით, ქეთის ჯანმრთელობის პრობლემები წლებია აქვს. ბავშვობაში ვირუსი გადაიტანა, რომელმაც გართულებული ავტოიმუნური ჰეპატიტი დაუტოვა. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმმა ისეთი ანტისხეულების გამოყოფა დაიწყო, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ქეთი სიხარულიძეს წამალი დაუნიშნეს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ესვა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბოლო დროს, გოგონამ წამლის მიღება შეწყვიტა. ორგანიზმმა ანტისხეულებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ქეთი სიგუას დასახმარებლად, სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს – #დაგვასაქმექეთისთვის. გოგონას მეგობრები და ახლობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ოპერაციის ფული შეეგროვებინათ. ქეთის მეგობრები და ახლობლები გოგონას დადებითად ახასიათებენ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მძიმე დაავადება ჰქონდა, ყოველთვის პოზიტიური, მხიარული, კეთილი და მოტივირებული იყო. არ წყვეტდა განვითარებას და კარგად სწავლობდა. დაღუპული გოგონას ოჯახის წევრები და მეგობრები ქეთის სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც მე და ჩვენს ოჯახს ცხოვრებისგან ერგო. შეუდარებლად თბილი, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და პოზიტიური. სადაც კი იყო, ყველგან სინათლე და სითბო შემოჰქონდა. მონდომებით დადიოდა თეატრალურ წრეში, მღეროდა, ცეკვავდა, ბოლოს დიპლომატიურ აკადემიაშიც დაიწყო სიარული და იქ წარჩინების დიპლომი დაიმსახურა. მას ძალიან უნდოდა სიცოცხლე, სასწრაფოს რომ მიჰყავდა საავადმყოფოში, შეეკითხა, – „ხომ გადამარჩენთო“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, 20 ივნისს, ქეთის დედამ, ირინა სიგუამ ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსი დაწერა.
„თანადგომა შეუფასებელია, სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ ამხელა მხარდაჭერისთვის. ყოველ წუთს ვგრძნობ ულევ სითბოს. იმედია, ხვალ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე დავბრუნდებით მე და ქეთი ერთად და ჯანმრთელად თბილისში. უღრმესი მადლობა“, – წერდა გოგონას დედა.
“21 ივნისს ქეთის ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, სამწუხაროდ, ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა. გოგონა ისე დაკრძალეს, რომ დედამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ოპერაციის შემდეგ, ქეთის დედის მდგომარეობაც დამძიმდა. არ ვიცით, დღეს რა ხდება, მაგრამ ვიცით, რომ ექიმები მის სტრესსა და ნერვიულობას მოერიდნენ და შვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი უთხრეს”, – წერს გაზეთი „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები