რა ჩვენება მისცა „ციანიდის საქმის“ მთავარმა მოწმემ გამოძიებას – “მამაომ იცრუა სასამართლო დარბაზში”

“მამაომ პირდაპირ იცრუა სასამართლო დარბაზში”,-ამის შესახებ ე.წ „ციანიდის საქმის“ მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ გაზეთ „პრაიმტაიმს“ 8-საათიანი დაკითხვის შემდეგ განუცხადა. მამალაძის მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ირაკლი მამალაძე დეკანოზის ოჯახის ყველა წევრს იცნობდა.
„მან თქვა, რომ თითქოს მე მისი ოჯახის ყველა წევრს ვიცნობდი, რაც არის სრული სიცრუე. მე ვთხოვე, დაესახელებინა, კონკრეტულად ვის ვიცნობდი მისი ოჯახიდან და რა ვითარებაში გავიცანი. ასეთმა ტყუილმა ჩემი გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ ვიცნობდი. არ ვიცი, ამით რისი დამტკიცება სურს. მე ამ პროცესზე მაინტერესებდა, თავად მამაოს გაეცა მთავარ კითხვაზე გულწრფელი პასუხი და ეთქვა, რეალურად რაში სჭირდებოდა ციანიდი. მას არ უარყვია, რომ მომწამლავ ნივთიერებას ეძებდა, მაგრამ ახსენებს ისევ გაურკვეველ ოქრომჭედელს, რომლის არსებობა ვერაფრით დასტურდება. დეკანოზმა მკითხა, – თუ იცოდი, რომ ცუდი განზრახვა მქონდა, რატომ არ მკითხე, რისთვის მინდოდა ციანიდიო. არადა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებშიც ნათლად ჩანს, რომ მე ამ საკითხით რამდენჯერმე დავინტერესდი, მაგრამ პირდაპირ პასუხს ის ყოველთვის თავს არიდებდა. ჩემთვის გარდამტეხი იყო, როდესაც საუბარი დაიწყო შორენას მარილზე გაშვებასა და „დაბრედვაზე“. ასევე, ახსენებდა ადამიანს, რომელიც შაქარს არ ჭამს. აქედან გამომდინარე, უკვე ეჭვიც აღარ რჩებოდა, რეალურად რა მიზანი ამოძრავებდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მე ამ ყველაფერზე თვალი რომ დამეხუჭა და ჯერ ნაცნობ ადვოკატებთან და მერე პროკურატურაში არ წავსულიყავი, დღეს სულ სხვა შედეგი იქნებოდა და მერწმუნეთ, ძალიან მძიმეც. არც ის იყო გამორიცხული, რომ, დანაშაულის დაფარვის გამო, თავად გავმხდარიყავი სისხლის სამართლის დევნის ობიექტი“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
გარდა ამისა, ირაკლი მამალაძე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დეკანოზმა მის კითხვას, თუ რატომ დაავალა მაიცადამაინც მას​ ციანიდის მოძიება, თავი აარიდა და მოსამართლეს შეახსენა, რომ მოწმეს კითხვის დასმის უფლება არ აქვს.
„აქამდე, ადვოკატები ტელეშოუებში სულ ამბობდნენ, რომ მე ვუწევდი პროვოცირებას, რადგან შეხვედრას ფარულად ვიწერდი, თუმცა სასამართლო პროცესზე მსგავსი პრეტენზია ან კითხვა საერთოდ არ გასჩენიათ. პროცესზე, ასევე, დაისვა კითხვა ოქრომჭედელთან დაკავშირებით და მე დავაფიქსირე კიდეც ჩემი პოზიცია: ციანიდის მოძიება მართლაც შორენას რომ ეთხოვა მამა გიორგისთვის, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შორენას მზე დიდი ხნის ჩასვენებული იქნებოდა საპატრიარქოში, რადგან გიორგი მამალაძე მომართული იყო, როგორმე მოეგროვებინა შორენაზე კომპრომატები და თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა?! მოკლედ, ადვოკატებმაც და დეკანოზმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვეს და ჩემს გამოჭერას ცდილობდნენ, თუმცა მე ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი და ვილაპარაკე მხოლოდ ის, რაც ჩემთვის გახლდათ ცნობილი”,-აღნიშნა მამალაძემ.
როგორც ბრალდების “ოქროს მოწმემ”, ირაკლი მამალაძემ განაცხადა, დაკითხვისას, ადვოკატები დაინტერესდნენ, ახსენა თუ არა დეკანოზმა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
„კითხვა იყო ასეთი: ახსენა თუ არა მამა გიორგიმ შორენას მკვლელობა? უშუალოდ ტერმინი „მკვლელობა“ შორენასთან მიმართებაში არ უხსენებია, მაგრამ ახსენა სხვა ფრაზები, რომლებიც სწორედ მკვლელობაზე მიუთითებდა. ის სასწრაფოდ, გერმანიაში გამგზავრებამდე ცდილობდა ციანიდის შეძენას. აპირებდა შორენას მარილზე გაშვებას და „დაბრედვას“. ეს მისი სიტყვებია. მამა გიორგი ნომერ პირველ მტრად განიხილავდა სწორედ შორენა თეთრუაშვილს, რომელსაც მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევდა კარიერულ გზაზე“,-განაცხადა მამალაძემ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები