ისრაელი: აზერბაიჯანში გამოვლენილი ტერორისტული ქსელი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
„მოსადმა“ (ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახური), IDF-მა (ისრაელის თავდაცვის ძალები) და „შინ ბეთმა“ (ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური) განაცხადეს, რომ გამოავლინეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ქსელი, რომელიც გეგმავდა თავდასხმებს როგორც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, ისე აზერბაიჯანში ისრაელისა და ებრაული სამიზნეების წინააღმდეგ.
სააგენტოების ინფორმაციით, მთავარი გეგმა ითვალისწინებდა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, რომელიც აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით .
ერთობლივი განცხადების თანახმად, მათი საქმიანობა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აზერბაიჯანის სამართალდამცველებმა მისი წევრები დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ ასაფეთქებელი დრონები და სხვა საბრძოლო მასალა, რომელიც ქვეყანაში კონტრაბანდულად იყო შეტანილი, ასევე სადაზვერვო მონაცემები, შეგროვებული სავარაუდო სამიზნეებზე – მათ შორის ისრაელის საელჩოსა და ბაქოში მდებარე სინაგოგაზე.
ისრაელის სააგენტოების განცხადებით, აგენტები ირანის პირდაპირი მითითებით მოქმედებდნენ და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში იყვნენ ჩართულნი.
მათი თქმით, ქსელი ერთობლივი სადაზვერვო მუშაობისა და გამოძიების შედეგად გამოაშკარავდა და IRGC-ის (ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) ფარული გარე ოპერაციების ფართო სტრუქტურის ნაწილი იყო.
ისრაელის ინფორმაციით, ამ სტრუქტურას ირანის ფარგლებს გარეთ მოქმედი IRGC-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ და კოორდინაციას უწევდნენ ოპერატორების დაქირავებასა და წვრთნას, რათა განხორციელებულიყო თავდასხმები ისრაელის, ებრაული და დასავლური სამიზნეების წინააღმდეგ.
„მოსადმა“, ისრაელის თავდაცვის ძალებმა და „შინ ბეტმა“ განაცხადეს, რომ მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად და საზღვარგარეთ სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და დიპლომატიური ობიექტების დაბომბვის მცდელობების ჩაშლის მიზნით, ისინი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებენ.