ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ: ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა ძალიან დახვეწილი დოკუმენტი

„ჩვენ პროგრამაში ავსახეთ შესაბამისი დაპირება – საზოგადოებას დავპირდით, რომ აუცილებლად მოვიყვანდით შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან ჩვენს ძირითად კანონს, საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩვენი პროგრამული დაპირებაც“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „იმედის კვირაში“ სტუმრობისას, შეკითხვას საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროების შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამულ დაპირებას შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება და შემდეგ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა მოჰყვა, რომელსაც, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ორი ძირითადი ამოცანა დააკისრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ამოცანები სამართლებრივი ხარვეზების გასწორებას და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემად გარდაქმნას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა სწორედ ამ ამოცანების შესაბამისად იმოქმედა.
„ პირველი ამოცანა ეს არის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა. ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ დღევანდელი კონსტიტუცია არის ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში სამართლებრივ პრინციპებთან, მათ შორის, პირველ რიგში, ეს ეხება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომელიც არის თანამედროვე დემოკრატიული კონსტიტუციის ქვაკუთხედი. ანუ არის ძალიან უხეში წინააღმდეგობა. პირველი ამოცანა ეს იყო სამართლებრივი ხარვეზების გასწორება და მეორე – დღევანდელი კონსტიტუცია აყალიბებს ძალიან დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობის სისტემას და ჩვენი მეორე ამოცანა, რომელიც დაგვისახა პარლამენტმა, იყო სწორედ ამ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. ეს იყო ორი უმთავრესი ამოცანა, რომელიც ჩვენ დაგვისახა პარლამენტმა და ჩვენ ვიმოქმედეთ ამ ორი ამოცანის შესაბამისად. ამის საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სადაც წარმოდგენილი იყო 73 წევრი, სხვადასხვა სუბიექტი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, კონსტიტუციური ორგანოები და ძალიან ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, ძალიან ფართო ჩართულობით, მომზადდა ძალიან დახვეწილი დოკუმენტი,რომელსაც უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები