JTEC-ში სწავლების დაგეგმარების კურსი გაიხსნა
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) ნატო-ს „სწავლების დაგეგმარების კურსი“ (NATO Exercise Planning Course 2025) გაიხსნა. ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საერთაშორისო კურსი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას, მათ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ერთკვირიან კურსში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 34 მსმენელისგან 16 ქართველი, ხოლო 18 უცხოელი სტუდენტია. ისინი ნატო-ს დოქტრინის მიხედვით ნატოს სწავლების დაგეგმვის პროცესს გაეცნობიან. სწავლების დასრულების შემდეგ კი, მათ ნატოს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სწავლება საპილოტე რეჟიმში JTEC-ში გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა. წელს კი, „სწავლების დაგეგმარების კურსი“, ნატო-ს მიერ აკრედიტებული სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მსგავსად, JTEC-ში ტარდება. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა.