ბალიზე ძლიერ წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად, რომელსაც ოფიციალური პირები კუნძულზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ წყალდიდობას უწოდებენ,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

წვიმებმა კუნძულის უმეტეს ნაწილში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა. როგორც მედია აღნიშნავს, წვიმა ამჟამად შეწყდა და წყლის დონე იკლებს, თუმცა მაშველები გადარჩენილებს კვლავ ეძებენ.

დენპასარში, სადაც რვა ადამიანი დაიღუპა, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ასობით მცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათი სახლები დაიტბორა. მეწყერის შედეგად გადაიკეტა ძირითადი გზები და დაზიანდა, სულ მცირე, ორი ხიდი.

პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში მწუხარება გამოთქვა წყალდიდობის გამო. პრეზიდენტმა ყველა შესაბამის უწყებას დაავალა, სწრაფად ემოქმედათ და მიზნობრივი დახმარების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მთავრობამ ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები