„ნაშრომი ძალიან დიდი შენაძენია მეცნიერებისათვის. ის სამაგიდო წიგნად იქცევა სამეგრელო-აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელთათვის“ – კახა კვაშილავა
ისტორიკოსი კახა კვაშილავა სოციალურ ქსელში პროფესორ გიორგი კალანდიას ორტომეულის პრეზენტაციის შესახებ აქვეყნებს სტატუსს.
„გუშინ ჩვენი პროექტის წიგნები („სამურზაყანო – ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია“ და “Samurzakano – the Georgian Historical and Ethnographical Province”) ჩავიბარე გამომცემლობიდან. გუშინვე ხელოვნების სასახლეში პროფესორ გიორგი კალანდიას 2-ტომეულ „სამეგრელო. ქართული კულტურის ისტორიის ქრონიკების“ პრეზენტაციას დავესწარით მე და პროფესორი ლია ახალაძე.
აღსანიშნავია, რომ ეს კვლევები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა, რომელიც დიდი მხარდამჭერია ქართველოლოგიური და საქართველოს (მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების) შემსწავლელი კვლევებისა. დამერწმუნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
გიორგის ძალიან სქელტანიანი, უხვად ილუსტრირებული და უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ნაშრომი ძალიან დიდი შენაძენია მეცნიერებისათვის. ის სამაგიდო წიგნად იქცევა სამეგრელო-აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის შემსწავლელთათვის.
აფხაზეთი საგანგებოდ ვახსენე. სამეგრელოს შესასწავლად მკვლევარს თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა არ აუღია საფუძვლად, არამედ – ოდიშ-სამეგრელოს ისტორიულ გეოგრაფიას დაეყრდნო. შესაბამისად, თანამედროვე აფხაზეთიც ამ ნაშრომში მოექცა.
აქედან გამომდინარე, ისე გამოვიდა, რომ ჩვენი კვლევები, ფაქტობრივად, ერთმანეთს ავსებს და ჩვენ, სრულიად დამოუკიდებლად ერთმანეთისგან, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ აფხაზეთი – ბუნებრივად, ისტორიულად, ეთნოგრაფიულად, კულტურულად – საქართველოა; თითოეული ძეგლი, ფრესკა, ოქრომჭედლობის ნიმუშები მხოლოდ და მხოლოდ ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების, მხატვრობის, ოქრომჭედლობის და, ქართული კულტურის ორგანული და განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ კიდევ ერთხელ, ძალიან საფუძვლიანად და არგუმენტირებულად, გამოვაცალეთ ყოველგვარი საფუძველი საქართველოს ისტორიის გამყალბებლებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე – მათ მხარდამჭერებს მორდორში.
სიტყვით გამოსვლისას, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ ძალიან კარგად შენიშნა: სამეგრელო, ერთიანი სახელმწიფოებრიობის მოშლის პერიოდშიც კი, არასდროს ყოფილა ერთიანი ქართული შეგნების მიღმა, დადიანები პოზიციონირებდნენ არა როგორც სამეგრელოს მმართველნი, არამედ – როგორც „ივერიის ხელმწიფენი“; სამეგრელოში ეკლესია-მონასტრების ფრესკული წარწერები თუ ხატზე მინაწერები ნატიფი ქართულითაა შესრულებული და დადიანს არასდროს უფიქრია „მეგრული ენის“ გამოყენებაზე; სამეგრელოში არასდროს დაწერილა ადგილობრივი მატიანე. მხოლოდ მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიის ბატონობისას, ნიკო დადიანმა შეასრულა ასეთი ნაშრომი და იმასაც კი „ქართველთ ცხოვრება“ უწოდა.
ასეთია ქართულია ჩვენი სამეგრელო-აფხაზეთ-სამურზაყანო.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ პროფესორ გიორგი კალანდიას ამ ნაშრომის განსრულებას“! – წერს კახა კვაშილავა.