ეკა ბესელია: კომიკური სანახავია იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც კონსტიტუციას საკუთარ პოლიტიკურ ლიდერს არგებდნენ

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ოპონენტები კონსტიტუციის განხილვის პროცესში მონაწილეობას არ აგრძელებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ ახალი კონსტიტუცია მოსახლეობისთვის იყოს მისაღები.

„სამწუხაროა და გულწრფელად ვწუხვარ, რომ პოლიტიკური სცენარი დაიგეგმა ისეთი, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები არ აგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ჩვენთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუცია იყოს მისაღები ჩვენი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეკა ბესელია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის შეფასებებსაც გამოეხმაურა.

„მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ უნიჭოდ დაგეგმილ სპექტაკლს, რომლითაც ახლა შეტევას ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები პრემიერ-მინისტრის მიმართ და ეს არის კომიკური სანახავი მათი მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ კონსტიტუციას ისე კემსავდნენ და არგებდნენ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერს, რომ კონსტიტუციამ დაკარგა საერთოდ სისტემა, დაკარგა ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი და ჩვენ შეგვიძლია სახელებით და გვარებით მოვიხსენიოთ თავები, ვისი სახელისთვის და გვარისთვისაც დაიწერა და როდესაც ეს ადამიანები პრემიერის მიმართ ასეთ შეტევას ახორციელებენ, ეს არის ძალიან სასაცილო სანახავი, მართლაც,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ კონსტიტუცია საერთო თანხმობის შედეგი იყოს, ხელისუფლება პროცესში მაქსიმალური ჩართულობის სურვილს ინარჩუნებს.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის და  ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთავარი კანონი მიიღებოდეს რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერით, ფართო შეთანხმებით და ამისთვის, პირველი დღიდან დღემდე და ამ დროის ჩათვლითაც და შემდეგაც, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ის პოლიტიკური ძალა, ყველა ორგანიზაცია, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, რომელიც უნდა იყოს ამ კონსტიტუციის მიმღები, იყოს ჩართული ამ პროცესში და ამისთვის გაკეთდა ყველაფერი. ყველაფერი გააკეთეს ამისთვის კომისიის თავმჯდომარემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, მთელმა გუნდმა, რომ მაქსიმალური ჩართვა ყოფილიყო და ამ პროცესში მონაწილეობის მასშტაბი ყოფილიყო მართლაც ძალიან დიდი, ჩვენ ღია ვართ მუშაობისთვის, ვინარჩუნებთ ამ მიმღეობის და მართლაც მაქსიმალური ჩართულობის სურვილს ამ პროცესში, რომ ეს კონსტიტუცია იყოს საერთო თანხმობის შედეგი”, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ახალი კონსტიტუციის ცვლილებებით გათვალისწინებულ სტრატეგიულ და საკვანძო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

„მე შემიძლია, ჩამოვთვალო ყველა სტრატეგიული და საკვანძო საკითხი ახალი კანონში: ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ასწორებს ძალიან სახიფათო ჩანაწერებს, რომელიც დღეს მოქმედ კონსტიტუციაშია; ახალი კონსტიტუცია, რომელიც უქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანის უფლებების კუთხით; საპარლამენტო მოდელი, რომელიც გაძლიერდება სწორედ ამ ახალი სისტემით და ექნება ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რომ იყოს ეფექტური და მაკონტროლებელი; მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტთან და დაიხვეწა ის ხარვეზიანი მუხლები, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვენეციის კომისია აკრიტიკებდა; პროკურატურა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი ხდება და გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან; სასამართლო სისტემა, სადაც ვერასოდეს ვერ გაბედავს ვერავინ, რომ რეორგანიზაციის ან სახელის შეცვლის მიზეზით, დაითხოვოს არასასურველი მოსამართლეები და ის გარანტიები იდება, რაც წარსულში არასდროს არ იყო; მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომელიც ჩვენი ხალხის მოთხოვნა იყო; დეფინიცია, რომელიც განსაზღვრავს ქორწინების სტატუსს,”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები