ირაკლი კობახიძე: „ბონუსთან” დაკავშირებით, ძალიან მკაცრი ზღვარი წესდება

“იმისთვის, რომ არ იყოს ძალიან დიდი გადახრა პარტიის მიერ არჩევნებში მიღებულ ხმებსა და მიღებულ მანდატებს შორის, ამის შესაზღუდად, ”ბონუსისთვის” ძალიან მკაცრი ზღვარი წესდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილებას ეხება.
კობახიძის განმარტებით, ”ბონუსის” ხარჯზე, პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. მისივე თქმით, დამატებითი მანდატების რაოდენობამ ძირითადი მანდატების 35%-ს არ უნდა გადააჭარბოს.
”პირველი – ეს არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ბონუსის” ხარჯზე, პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. მეორე – ეს არის ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი მანდატების რაოდენობამ ძირითადი მანდატების 35%-ს არ უნდა გადააჭარბოს. მაგალითად, თუკი პარტია ძირითადი მანდატების სახით, 40%-ს იღებს, ის ”ბონუსის” ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს. მესამე – ეს არის აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი პარტიას ”ბონუსის” ხარჯზე, მანდატების რაოდენობა აბსოლუტურ უმრავლესობამდე – 76-მდე არ ევსება, ამ შემთხვევაში, ბონუსი აზრს კარგავს და ის არ განაწილდება”, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. შემუშავებული დოკუმენტით, რომელსაც პარლამენტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს, საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, მმართველობა ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა, როგორც ცნობილია, მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი კვლავ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები