დიმიტრი ხუნდაძე: საჯარიმო სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ ნარკომომხმარებელთა რიცხვი შეამციროს

„საჯარიმო სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ არათუ ხელი შეუწყოს ნარკომომხმარებელთა რიცხვის გაზრდას, არამედ მის შემცირებას “, – ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ცნობისათვის, ჯანდაცვის კომიტეტში დეპუტატები მარიხუანას მომხმარებელთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ. პროექტი ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, რაც კანაფისა და მარიხუანას გარკვეული ოდენობით შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა თუ მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობას აუქმებს.
„ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა სესიაზე, საპირისპირო აზრები გუნდშიც იყო. თუმცა, მივედით შეთანხმებამდე, რომ კულტივირების თემა იქნება ამოღებული კანონპროექტიდან და ავტორი ამას დათანხმდა. აგრეთვე, საჯარიმო სანქციები იქნება შესაბამისი, რათა მივიღოთ რეგულაციები, რომ არ დავაპატიმროთ მარიხუანას მომხმარებელი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, საჯარიმო სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ არათუ ხელი შეუწყოს ნარკომომხმარებელთა რიცხვის და კონკრეტულად მარიხუანას მომხმარებელთა გავრცელებას, არამედ მის შემცირებას”,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
​სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში, 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები