პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას განმარტავს. მისი თქმით, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარი თქვა.
“გუშინ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლითაც უმრავლესობამ უარი თქვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც იყო განხილული საზოგადოების წინაშე და რომელიც განიხილეს ვენეციის კომისიაში. ის, რაც რეფორმიდან დარჩა, ეს არის მხოლოდ ცვლილება, პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციების შეკვეცის კუთხით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებებს, კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს ამოღებას. არსებულ ვითარებაში, შემოსულია თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია და განიხილონ წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ. უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
​პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გააგრძელოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს 21 ივნისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ მიმართა. მასზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გარდა, ასევე, დაგეგმილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები