არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში

„მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
​თალაკვაძის ინფორმაციით, შს მინისტრთან შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაიმართა. მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმის შესახებ, „თუ რა განახლებები იგეგმება საპოლიციო დანაყოფებში“.
“ასევე, იყო მსჯელობა ყველა მიმდინარე საკითხზე. დეპუტატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ შს მინისტრისთვის ის კითხვები, რომელზეც ინფორმაციის მიღება სურდათ. მინისტრმაც, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა კანონის ფარგლებში, მოგვაწოდა ინფორმაცია. რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს, ეს არის საქმე, რომელზეც საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია. ჩვენ, პარლამენტის წევრებს, რა ინფორმაციაც გვქონდა, საზოგადოებას სრულად გავუზიარეთ. მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული ამ საქმეში, თუმცა ველოდები გამოძიების შედეგებს და როდესაც დასრულდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები