„სითი პარკის“ 10-ლარიანი ჯარიმის გამო დაყადაღებული ანგარიშები – რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა ჯარიმის გადახდის წესის შესახებ

„სითი პარკის“ წარმომადგენლები, დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების ინფორმირებულობას აღნიშნული ფაქტის შესახებ არ უზრუნველყოფენ, რის გამოც მოქალაქეებს ათლარიან ჯარიმაზე საურავები ერიცხებათ და ანგარიშები უყადაღდებათ“, – აღნიშნული პრობლემის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საადვოკატო ბიურო “Ok& CG”-ის ადვოკატმა, დავით მუმლაძემ ისაუბრა.
ადვოკატის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ჯარიმის ქვითარს არა მის მფლობელს, არამედ სრულიად უცხო პირს გადასცემენ და ქვითარს ჩაბარებულად მიიჩნევენ. რეალურად კი პირმა არ იცის, რომ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, ამის გამო, ის 30-დღიან ვადაში დაკისრებულ ათ ლარს ვერ იხდის და მის მიმართ ხორციელდება სადამსჯელო პროცედურები. ათლარიან ჯარიმაზე „ სითი პარკი” 150 ლარიან საურავს არიცხავს და იწყებს იძულებით აღსრულების ღონისძიებებს. ჯარიმისა და საურავების ამოღების მიზნით კი კომპანია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რომელიც დაჯარიმებული პირის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ტიპის ქონებას, საბანკო ანგარიშებს აყადაღებს. ეს ადამიანები შეზღუდული არიან ისარგებლონ თავიანთი ფინანსებით, რაც ხშირად მძიმე შედეგებს იწვევს.
„ხშირად გვქონია პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როცა “სითი პარკის” ჯარიმის გამო, მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილან. სულ ცოტა ხნის წინ, მოგვმართა მოქალაქემ, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა, თუმცა „სითი პარკის“ ჯარიმის გამო, საბანკო ანგარიშები და მთლიანი ქონება დაყადაღებული ჰქონდა. შედეგად , ოპერაციის გადადებამ მოუწია და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. არ შეიძლება, 150 ლარის გამო, მოქალაქეს რამდენიმე ათასიანი ან მილიონიანი ქონება დაუყადაღო და შელახო მისი უფლებები. კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, სადაც მითითებული იქნება ის, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ იქნება უფლებამოსილი, მსგავს შემთხვევებში მოახდინოს დაჯარიმებული პიროვნების ქონების დაყადაღება, მან მხოლოდ იმ ოდენობის თანხა დააკავოს, რა მოცულობისაცაა ჯარიმა“, – განაცხადა დავით მუმლაძემ.
ადვოკატის თქმით, „სითი პარკი“ ვალდებულია, უშუალოდ იმ პირს ჩააბაროს ჯარიმის ქვითარი, ვინც დაჯარიმდა ან მის ოჯახის წევრს. ეს ოჯახის წევრი უნდა იყოს პირი, ვინც აუცილებლად უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის ამ ჯარიმის ქვითრის გადაცემას. ადვოკატის განცხადებით, აუცილებელია, „სითი პარკმა“ უზრუნველყოს სპეციალური პლატფორმის შექმნა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ, მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი და ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც ცხოვრობენ და ამით დაცულები იქნებიან იმისგან, რომ ეს კონკრეტული საჯარიმო ქვითრები სხვას არ ჩაბარდეს. მუმლაძის თქმით, „ სითი პარკი“ გადაუხდელ ქვითრებზე აღსრულებას 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ ახორციელებს, რაც ჯარიმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, უკვე კანონდარღვევაა. ადვოკატის განცხადებით, ჯარიმის ხანდაზმულობის გამო, მომხმარებელს შეუძლია, თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა მოქალაქეთა ინფორმირებულობის ნაკლებობით სარგებლობს „სითი პარკი“ და 6 თვის გასვლის შემდეგ, მაინც ატარებს იძულებით ღონისძიებებს და მოტყუებული მოქალაქე ხშირად ათასობით ლარს ტყუილად იხდის.
„ საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში. თუ დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში “სითი პარკმა” არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, დადგენილების აღსრულების მიზნით, იძულებითი ღონისძიება აღარ უნდა განხორციელდეს დაჯარიმებულის მიმართ. ჯარიმის ხანდაზმულობის გამო, მომხმარებელს შეუძლია, აღნიშნული თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა მოქალაქეთა ინფორმირებულობის ნაკლებობით სარგებლობს „სითი პარკი“ და 6 თვის გასვლის შემდეგ, მაინც ატარებს იძულებით ღონისძიებებს და მოტყუებული მოქალაქე ხშირად ათასობით ლარს ტყუილად იხდის.თუ პირმა ეს არ გააპროტესტა და არ მოახდინა ამ აქტის გასაჩივრება, აღსრულების ეროვნული ბიურო „სითი პარკს“ უარს არ ეუბნება აღსრულებაზე. ხშირ შემთხვევებში, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ამ საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და უკვე იმ თანხების გადახდა უწევთ, რომელიც გადახდას არ ექვემდებარება. მსგავსი აქტები მოქალაქეებს შეუძლიათ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში გაასაჩივრონ “, – აღნიშნავს ადვოკატი მუმლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები