უკრაინაში რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან დაკავშირებული პირი დააკავეს
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი ბი სი’ იუწყება.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დაკავება ქალაქ პავლოგრადში მოხდა და ამჟამად „ყველა აუცილებელი ღონისძიება ხორციელდება“.
დენის ვორონენკოვი კიევში 23 მარტს მოკლეს. მკვლელმა მას რამდენჯერმე „ტტ“-ს მარკის პისტოლეტიდან ესროლა. ვორონენკოვის დაცვის წევრმა ცეცხლი გახსნა და ქილერი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები დარწმუნებულები არიან, რომ დენის ვორონენკოვი რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოკლეს. რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრები კი მომხდარში უკრაინელ რადიკალებს ადანაშაულებენ.
ვორონენკოვი რუსეთიდან უკრაინაში საცხოვრებლად მას შემდეგ წავიდა, რაც რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღიძრა.