ნატო ჩხეიძის აზრით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არასაპარლამენტო პარტიებს პოლიტიკური პროცესებიდან გარიყავს

„ცესკო დამოუკიდებელი სისტემაა და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით, მისი დამნიშვნელ-ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიის წევრი არ არის, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს ემორჩილება. რეალობა ასეთია: ცესკო-ს წევრები იცავენ პარტიულ ინტერესებს და ვერ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა კოლეგებს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნო.
როგორც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებებით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კომისიაში რეალურად 10 წევრი ეყოლება, დანარჩენი 3 კი მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.
„გარდა იმისა, რომ ოპოზიცია აშკარა მცირერიცხოვანია და დამკვირვებელ თვალს რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხადია, მოგეხსენებათ და ამიტომაც არის ეს ცვლილებები. საგანგაშოა ისიც, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია საერთოდ არ არის საარჩევნო კომისიაში, რაც ზღუდავს მის უფლებებს და საერთოდ, ირღვევა პარიტეტი, პრაქტიკულად, ხდება არასაპარლამენტო ოპოზიციის გარიყვა პოლიტიკური პროცესებიდან,“ – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და იქვე დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო, თუკი ცვლილებები კანონში ასეთი სახით შევა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ აღნიშნულ ინიციატივას შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს.
„პატრიოტთა ალიანსს“, მოგეხსენებათ, არ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკო- ში საპარლამენტო არჩევნებისას და დამკვირვებლის არარსებობის გამო, პარტიას სერიოზული ეჭვი აქვს  ხმების სწორად დათვლის თაობაზე. დღეს ილიას დღეა პარლამენტში და უნდა მოგახსენოთ, რომ ილიას თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში ცესკო-ს დაკომპლექტებაზეც უწერია. ცხადია, პირდაპირ ასე არა – ცესკო, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში რომ ძალთა შორის პარიტეტის დაცვა აუცილებელია, ეს კი უწერია. და კიდევ ერთი: არ გვაქვს ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ამ კანონპროექტში, მაგრამ სწორედ ამ რეალობაში გთავაზობთ, დაემატოს ცვლილება, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამოვლინებისას, ის იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და არა ისე, როგორც ახლაა, ჯარიმით შემოფარგვლა,“ – აღნიშნა დეპუტატმა ჩხეიძემ.
მისივე თქმით, ინიციატივით „პატრიოტები“ ჯერ კიდევ შარშან გამოვიდნენ და ახლა მის განსახორციელებლად შესაბამისი დროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები