ყოფილ პეროვსკაიაზე, ქიაჩელისა და კოსტავას ქუჩებზე საკვების ექვსი ობიექტი დაიხურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ დღეში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, 38 კვების ობიექტიდან ექვსს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1 000 ლარით დააჯარიმა.
“საზოგადოებრივის” ინფორმაციით, ინსპექტირების ფარგლებში, გიორგი ახვლედიანის (ყოფილი პეროვსაკიას), ქიაჩელისა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე 38 კვების ობიექტი შეამოწმა. საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან 10-ს სხვადასხვა დარღვევები აღმოუჩინეს და დააჯარიმეს.
ექვს კვების ობიექტში კი ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეაჩერა და ბარ-რესტორნები 1 000 ლარით დააჯარიმა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო კონტროლს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისეთ ობიექტებზე, სადაც დიდია აქტივობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, ჩამოსული ტურისტების. დღეს შევამოწმეთ 38 ბიზნესოპერატორი აქედან ექვს მათგანს გამოუვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და დაჯარიმდნენ 1000 ლარით”, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.
მისივე თქმით, კრიტიკული შეუსაბამობების უმეტესობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შემდეგნაირია: არ ხდება რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, სამზარეულოს კედლებიდან ცვივა უცხო სხეულები და ეს ნაწილაკები პირდაპირ სურსათში ხვდება, ასევე, არის გამწოვი სისტემის უფუნქციობის პრობლემები და საკვები პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები