ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში  ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ფესტივალში რვა ქვეყანა: ირანი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი თბილისსა და ახალციხეში ააიპ „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე ჩატარდება.
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსის ინტერპრეტაციები – დიზაინერების კოლექციები თურქმენეთიდან და ყირგიზეთიდან. ასევე „მოძრაობის თეატრის“ რეჟისორის იოსებ ბაკურაძის პერფორმანსი კოსტუმირებული მსახიობების მონაწილეობით.
ფესტივალი ჩატარდება სამცხე – ჯავახეთის ქალაქ ახალციხეში შუა საუკუნეების ახალციხის ციხე სიმაგრის ქვედა ციხის ტერიტორიაზე.
ახალციხე ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც შინამრეწველობის მნიშვნელოვანი კერა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს რვა ქვეყანა. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხალიჩური ნაწარმი. ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები ჩაატარებენ ხალიჩის და ფარდაგის წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპის და ტექნიკის ჩვენებებს;
ფესტივალის მსვლელობისას ჩატარდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები ხალიჩების, ფარდაგების ორნამენტის, ფერის, დიზაინის, ქსოვის ტექნიკის შესახებ.
საგანმანათლებლო პროგრამებს მოამზადებს: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ვიზუალური ხელოვნების და დიზანის სკოლა; მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი.
ფესტივალზე გამოფენილი იქნება საქართველოში არსებული სხვადასხვა სასწავლებლების სახელოსნოების სტუდენტების ნამუშევრები; ტანსაცმლის დიზაინის კოლექციები ყირგიზეთიდან და თურქმენეთიდან, სადაც ხალიჩების ორნამენტებია გამოყენებული.
თბილისის ხალიჩების გალერეები წარმოადგენენ ნიმუშებს თავიანთი კოლექციებიდან. შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ნიმუშების შეძენა.
1 და 2 ივლისს ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის იმოძრავებს უფასო კომფორტული ავტობუსი: „თბილისი -ახალციხე-თბილისი“.
– გამგზავრება 08.00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედნიდან ;
– ჩამოსვლა 23.00 საათზე.
მგზავრობა უფასოა.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ Check In Georgia – ს ფარგლებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები