რუსთაველის თეატრი – გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლა: შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნება
15 ივნისი, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში სტუდენტთა ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე რუსთაველის თეატრი – გოგი მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლის სტუდენტთა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ასევე – ინსტალაციები, ვიდეოარტი, სცენოგრაფიული და 3D-ში შესრულებული პროექტები.
რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წელს გაიხსნა. სტუდიაში ისწავლება სამგანზომილებაში მუშაობა, თეატრალური კოსტიუმი და კონსტრუირება, პიესაზე, მაკეტსა და სივრცესთან მუშაობა, თეატრალური ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვნების ისტორია.
ამჯერად, დიზაინის სკოლა მესამე სასწავლო წელს ამთავრებს. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე, მოსწავლეებს გადაეცემათ დიზაინის სკოლის დამამთავრებელი დიპლომები.
პროექტი ხორციელდება რუსთაველის თეატრის ორგანიზებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.
გამოფენა 30 ივნისამდე გასტანს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.