ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება – პროცესს ომბუდსმენი დაესწრება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პროცესს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება. მისი მოქმედი ადვოკატების გარდა, საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახაზინო ადვოკატები, რომელთა საქმეში დარჩენის სურვილი თავად ბრალდებულმა გამოთქვა.
„რეალურად, საქმის არსებითი განხილვა ხვალიდან იწყება. პირველ და მეორე სხდომაზე ჩვენ ვერ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შესავალი სიტყვა წარმოგვეთქვა. დეკანოზი დაესწრება სხდომას, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
​ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა მედიისთვის კვლავ დახურული იქნება, თუმცა ხვალინდელ პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრება. ადვოკატები ხვალ სხდომის საჯაროობას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი სხდომა 5 მაისს დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა, როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სხდომა დახურა, ხოლო მეორე სხდომა – 19 მაისს სახაზინო ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო, რათა ისინი საქმის მასალებს გაცნობოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები