დაკავებული დეკანოზის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგამდე მივიდეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის საქმე სტრასბურგამდე მივიდეს. როგორც გიორგი ფანცულაიამ ე.წ მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დღეს ის ბრალდებულ დეკანოზს შეხვდა და ხვალინდელი სხდომისათვის პოზიციები შეაჯერეს.

ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელის მომზადებაზე. ბრალდებულ მამალაძეს სურს, საპატრიარქოში შეიქმნას კომისია, რომელიც მის ყველა ფინანსურ ოპერაციას შეისწავლის.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრებას და პროცესის მედიისთვის გახსნას ითხოვს.

“დეკანოზთან სახაზინო ადვოკატებთან ერთად შევდივართ, რათა ერთობლივად დაიგეგმოს ურთიერთთანამშრომლობა ჩვენსა და დეკანოზს შორის. რეალურად, ხვალ იწყება საქმის არსებითი განხილვა. სავალდებულოა, რომ პროცესს დაესწროს ომბუდსმენიც. ასევე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სხდომა მედიისთვისაც გახსნან”, – აღნიშნავს ფანცულაია.

დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები