ფოტოგრაფ ბესო უზნაძის პირველი სოლო გამოფენა – „დავიწყებული ხედები“ გაიმართება

10 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისში ფოტოგრაფ ბესო უზნაძის პირველი სოლო გამოფენა  „დავიწყებული ხედები“ გაიმართება. სერიის ნაწილი 2016 წელს იყო გამოფენილი START Art Fair-ზე, საატჩის გალერეაში, ლონდონი (Scroll down for English).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სერია ინსპირირებულია ყვავილების ბაღით, რომელშიც ხელოვანი შემთხვევით მოხვდა ერთ საღამოს და შედგება ციფრულად მოდიფიცირებული ფოტოგრაფიისა და შერეული ტექნიკის ფერწერისაგან. სერია გამოიფინება  მცენარეებით შექმნილ სპეციალურ გარემოში და  ხელოვანის დედის ხსოვნას მიეძღვნება.
ერთმანეთზე დადებული ნახევრად გამჭვირვალე გამოსახულებები, მკვეთრად შეცვლილი ფერთა ტონები, ზუმით მოახლოებული კომპოზიციები ჯადოსნური ბაღის ასოციაციას იწვევს. ამავდროულად, ეს მომაჯადოებლად ლამაზი გამოსახულებები გაჟღენთილია მელანქოლიით. ნამუშევრებში იგრძნობა დანაკარგისა და უსიცოცხლობის ძლიერი განცდა, რაც დრამატულობას მატებს ნამუშევრებს.
„წარმოდგენილი სერია, ისევე როგორც უზნაძის სხვა ნამუშევრები, შთაგონებულია მისი პირადი გამოცდილებებით, რომლებიც შვებას ხელოვანის შემოქმედებაში პოულობენ. ხელოვანი საკუთარ მგრძნობელობას აძლევს საშუალებას, შექმნას ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ადამიანური ემოციურობის ფართო სპექტრს… მოვლენები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს იწვევს, ამაფორიაქებელი, მოულოდნელი შეხვედრები, და შემდეგ მოგონებები, რომლებიც ეფემერულ ხილვებად ილექება“… – აცხადებენ ორგანიზატორები.
ბესო უზნაძე: „სერია ასახავს ერთ ობიექტს, სხვადასხვა თვალით დანახულს. გახარებული, შეშინებული, ბედნიერი, ნაწყენი თვალით დანახული… არადა ყვავილებია… უბრალოდ ყვავილები… ჩიტმა თქვა ხალიჩაა, მდიდარმა თქვა ოქროა, ჭიანჭველამ თქვა სახლია, ვირმა თქვა გემრიელია. მე ვამბობ, რომ ყვავილებია…ძალიან ლამაზი ყვავილები“.
გამოფენის კურატორი არის ელენე კაპანაძე, ორგანიზატორი: Project Artbeat .

ბესო უზნაძეს (დ.1968) აქვს ნასწავლი დოკუმენტალური ფოტოგრაფია სეფია ფოტოგრაფიის სკოლაში, თბილისი (1998 -2000) და შემდეგ ფოტოჟურნალისტიკა London College of Printing (2003). უზნაძის ფოტოგრაფია შთაგონებულია ხელოვანის ყოველდღიური გარემოსა და განცდებით. ხელოვანმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ხელწერა, რომელიც ციფრულ მანიპულაციასა და კოლაჟის ტექნიკას ეფუძვნება. ბოლო დროს ხელოვანმა საკუთარი პრაქტიკის ფოკუსი გააფართოვა და დაიწყო ფერწერული ტილოების შექმნა.
ბესო უზნაძის ფოტოგრაფია გამოფენილა Black&White Gallery, თბილისი (2016), Galerie Hors-Champs, პარიზი (2015) Les Rencontres De La Photographie, არლი (2011), Pobeda Gallery, მოსკოვი (2011), the National Portrait Gallery, ლონდონი (2010; 2008; 2004); ასევე სახელოვნებო ბაზრობები Contemporary Istanbul (2016; 2014), Pulse, ნიუ იორკი (2015) და სოლო გამოფენა the START Art Fair, Saatchi Gallery, ლონდონი (2016). მას აქვს მოპოვებული ჯილდოები British Journal of Photography International Award, ლონდონი (2008), Ian Parry Scholarship, ლონდონი (2003), Metro imaging competition, ლონდონი (2003).

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის, ლისი დეველოპმენტის და ლისი გრინსის მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: 10/06 14:00- 20:00;  1/06 12:00 – 20:00;  15-16/06 15:00 – 20:00; 17-18/06 12:00-20:00.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები