ოპერის თეატრის საჩუქარი ბავშვებს: სპექტაკლი – „სიყვარულის ნექტარი“ გაიმართება

11 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, სპეციალურად მუსიკალური სასწავლებლების აღსაზრდელებისა და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის, საპრემიერო სპექტაკლს დღისით გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 11 ივნისს, ოპერის თეატრი 8 სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეებს თბილისიდან, რუსთავიდან და გორიდან, გაეტანო დონიცეტის ოპერით – „სიყვარულის ნექტარი“ უმასპინძლებს.
დღის სპექტაკლს ოპერაში დაესწრებიან: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი, სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ევ. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება თელავის ნ. სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების სკოლა #1, კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია და „ჩვენი სკოლა“, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი“.
ოპერის სტუმრები საქველმოქმედო სპექტაკლზე იხილავენ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანის, კოლუმბიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ფერნანდო ბოტეროს დადგმის გამორჩეულ ვერსიას. ოპერაში „სიყვარულის ნექტარი“ თითოეული პერსონაჟის გარეგნული სახე ფერნანდო ბოტეროს ნახატებს ეფუძნება (ცნობილი სერია „ცირკი“) და დონიცეტის მუსიკაზე ცოცხლდება.
სპექტაკლს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგენს.
11 ივნისს სპექტაკლში „სიყვარულის ნექტარი“ მთავარ პარტიებს იმღერებენ: მარიამ როინიშვილი (ადინა), ირაკლი მურჯიკნელი (ნემორინო), ოთარ შიშინაშვილი (ბელკორე), გივი გიგინეიშვილი (დულკამარა), ირინა შერაზადიშვილი (ჯანეტა). სპექტაკლში მონაწილეობენ: ოპერის გუნდი და ორკესტრი ოპერის მთავარი დირიჟორის, მაესტრო – ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.
კოლუმბიური წარმოშობის ფრანგი მხატვრის – ფერნანდო ბოტეროს ნამუშევრები ისეთ მნიშვნელოვან და ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული, როგორებიცაა: ნიუ-იორკის პარკ-ავენიუ, პარიზის ელისეის მინდვრები, ნიუ-იორკის სოთბის, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, გუგენჰაიმის (ბილბაო და ნიუ-იორკი) მუზეუმებში და სხვა.
დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“ – ბოლო ორი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომიკური ოპერა – მსოფლიოს ყველა წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია. „სიყვარულის ნექტრის“ მსოფლიო პრემიერა მილანის Teatro Cannobiana-ში 1832 წელს,ხოლო თბილისში 1854-55 წლებში შედგა. ნემორინოს პარტიის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებულები არიან: ენრიკო კარუზო, ბენიამინო ჯილი, ფერუჩო ტალიავინი, კარლო ბერგონცი, ლუჩანო პავაროტი და მეთიუ პოლენცანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები