ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს სიცრუესა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

​ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი განცხადებას ავრცელებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს ცილისწამების გავრცელებაში ადანაშაულებს. დავით მამისეიშვილი აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანი აგრძელებს სიცრუისა და ცილისწამების გავრცელებას აწ გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით და ცდილობს, მისი ტრაგიკული ბედი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია, გავაკეთო ზოგიერთი დამატებითი განმარტება, რათა მიმდინარე მოვლენები და ახვლედიანის სამარცხვინო გამოხდომები, მისი ამორალური და უზნეო ქცევა გასაგები გახდეს ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2015წლის ნოემბერში ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, დაკავებული იქნა.
მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამორკვევის მიზნით, გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა საკმარისი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი პირის დაპატიმრების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. საკითხი ეხებოდა სამი არასრულწლოვანი მოზარდის დაწვის ფაქტს ზაზა ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში. ზოგადად, მამუკა ახვლედიანმა სასამართლო სისტემის მიმართ პირველი კრიტიკული განცხადება გააკეთა 2015 წლის 29-30 დეკემბერს – ზაზა ართმელაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ და ეს კრიტიკა ამ კონკრეტულ საქმეს არ ეხებოდა. უფრო მეტიც, ამ პერიოდიდან მოყოლებული, 2017 წლის 04 ივნისამდე, მამუკა ახვლედიანი ამ საკითხზე არავითარ კომენტარს არ აკეთებდა და სავარაუდოდ, დაივიწყა კიდეც. მხოლოდ ზაზა ართმელაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მან ჩათვალა, რომ შეეძლო, ეს შემთხვევა გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ და წარმოეჩინა ისე, რომ თითქოს ხდებოდა მასზე ზეწოლა და ჩემ მიმართ დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია, ყოველგვარი მორალური და ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე და აწ გარდაცვლილის სახელის გამოყენებით, პირადი ინტერესების დაკმაყოფილება მოისურვა. შესაბამისად, მტკნარი სიცრუეა მამუკა ახვლედიანის განცხადება, თითქოსდა 2015 წლის ნოემბერში იგი დაპირისპირებული იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და ბრალდებულის პატიმრობა მასზე ზემოქმედების მიზნით მოხდა, რადგან იმ დროს ბუნებაში არ არსებობდა მამუკა ახვლედიანის მხრიდან რაიმე კრიტიკა სასამართლოს სისტემის მიმართ და მე, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლე, მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, თვენახევრით ადრე (როგორც ზემოთ აღინიშნა მამუკა ახვლედიანმა 29-30 დეკემბერს გააკეთა პირველი კრიტიკული განცხადება სასამართლო სისტემის მიმართ), წინასწარ განმეჭვრიტა მისი უღირსი ქმედებების და უზნეო საქციელის ფართო დიაპაზონი.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2015 წლის ნოემბერში ზაზა ართმელაძის დაკავების შემდეგ, მამუკა ახვლედიანი დამიკავშირდა, როგორც კოლეგა და ახლობლურად მთხოვა ზაზა ართმელაძისათვის (რომელიც, მისივე განმარტებით, მეუღლის ნათესავი იყო და დააკავეს ახვლედიანის სახლიდან გამოსვლის შემდეგ),არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რაც მე არ გავითვალისწინე, ვინაიდან საქმე ეხებოდა სამი ბავშვის სიკვდილს და საქმის კონკრეტული გარემოებები არ იძლეოდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მამუკა ახვლედიანი ინტერესდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმით, კერძოდ, ზაზა ართმელაძის საქმის განხილვამდე რამდენიმე თვით ადრე, ახვლედიანი ასევე დამიკავშირდა და სატელეფონო საუბრისას, მთხოვა ბათუმში მოქმედი ორი ბიზნესსუბიექტის დავაში ჩარევა, რაც მისთვის ასევე უშედეგოდ დასრულდა. სავარაუდოდ, ამ ფაქტების გამო განაწყენებულმა ახვლედიანმა ხელი შეუწყო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრების მხრიდან ჩემ მიმართ ორგანიზებული შეურაცხყოფისა და მუქარის განხორციელებას, რომლის აღკვეთა მას, როგორც მაშინდელი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელს, შეეძლო.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა ორგანიზებული შეკრებისას, წესრიგის დაცვას, მამუკა ახვლედიანის დავალებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები უზრუნველყოფდნენ სკოლის პერიმეტრზე და რატომღაც მხოლოდ ეს დღე იყო გამონაკლისი, რაც მიუთითებს მამუკა ახვლედიანის ჩართულობაზე ჩემზე განხორციელებულ თავდასხმაში.
საგულისხმოა, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ შეთხზული მეტად ჩახლართული ლეგენდა ლოგიკურ ახსნას ვერ პოულობს და იძულებულია, გადავიდეს თავდასხმის ყველაზე უღირს ფორმებზე, უარყოფს რა ჩემთან სატელეფონო კავშირებს და თითქოს ემიჯნება ჩემზე გავრცელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას.ბატონი ახვლედიანი თანმიმდევრული ვერ არის და ერთგან ახსენებს, რომ ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრებს მან ურჩია, აქცია არ გაემართათ ჩემს სახლთან, ანუ თვითონვე აღიარებს ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრებზე საკმაო გავლენის არსებობას და ამ საკითხით დაინტერესებას.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ გარდაცვლილი ადამიანით მანიპულირება, საკუთარი არაჯანსაღი ინტერესების დასაცავად და სარგებლის მისაღებად, წარმოადგენს უზნეობისა და უპრინციპობის კლასიკურ შემთხვევას. დასანანია, როდესაც იგი თავისი, მართლაც, სახედაკარგული მოქმედებებით უფრო და უფრო ღრმად ეფლობა სიყალბის ჭაობში“, -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები