ლონდონში ქეთი მელუას ფესტივალი გაიმართება
10 ივნისს, ლონდონში გაიმართება ქეთი მელუას ფესტივალი, რომლის იდეაც გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს ქალბატონ ლიანა ჯიქია–გოგრიჭიანს ეკუთვნის.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა ლონდონიდან აცნობა, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი იანვრიდან მოყოლებული მუშაობს აღნიშნულ ფესტივალზე და უზარმაზარი შრომა გასწია მისი საორგანიზაციო და მხატვრული სახის სრულყოფისთვის.
„ქეთი მელუა საერთაშორისო რანგის ქართველი ხელოვანია, რომელიც მუდამ ახერხებს თავისი ქვეყნის გვერდით იდგეს ჭირსა თუ ლხინში. იგი მუდამ სიამოვნებით მონაწილეობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და კულტურულ პროექტში. ხოლო ის, რაც მან შარშან შეძლო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ნამდვილად იყო წლის ყველაზე მასშტაბური კულტურული მოვლენა.
გორის ქალთა გუნდთან ერთად მან ევროპის 28 ქალაქი შემოიარა და მსმენელს სრულიად ახალი რამ შესთავაზა, იგი გუნდის 23 წევრთან მღეროდა ქართული პოლიფონიის მონაპოვრებზე აგებულ კომპოზიციებს, რომელმაც სრული სენსაცია მოახდინა. ამ სიმღერებმა არა მარტო ქართული პოლიფონიის უნიკალურობა წარმოაჩინა, არამედ ცხადყო ქეთი მელუას როგორც მაძიებელი, ექსპერიმენტატორი და მასშტაბური ხელოვანის ბუნება. იგი უკვე რვა ალბომის ავტორია და ყველა მათგანში სიახლეს იპოვით. მან ბრიტანული პოპმუსიკა ნამდვილად გაამდიდრა ახალი ხმოვანებით“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ლალიაშვილმა.
ამჯერად ფესტივალში 22 სიმღერა გაიჟღერებს ქეთი მელუას რეპერტუარიდან.
ფესტივალის დირექტორის, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანის თქმით, მას გაუჭირდებოდა ამ ფესტივალის სინამდვილედ გადაქცევა, რომ არა მრავალი უანგარო და თავგანწირული ადამიანის დახმარება, რომლებიც მას პროექტის განვითარებასა და განვრცობაში ეხმარებოდნენ. იგი განსაკუთრებით ემადლიერება ვოკალის პედაგოგს, თამარ ვეფხვაძე-როქელსაარს, ქორეოგრაფ შალვა ქავთარაძეს, ცირა კემულარიას, მაკა ბაქრაძეს, ანა და ვახტანგ გოგრიჭიანებს, რამაზ კარტოზიას, გიგა კუხალეიშვილს, ელენე გლურჯიძეს, მარინა თიგიშვილს, ნინო თორაძეს, გიორგი ლალიაშვილს, ვალ პატერსონს, ირინა არხანგელსკაიას, პიანისტებს – ლუკა ოქროსა და ამირან ზენაიშვილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გაერთანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილს.
ფესტივალი ლონდონის განთქმულ უბან ნოთინგ ჰილში იმართება.
წმინდა იოანეს სახელობის ტაძარი 10 ივნისს, ქეთი მელუას ფესტივალის მასპინძელი გახდება.