საჯარო დისკუსია: „ფრანც კაფკა – შემოქმედება და ბიოგრაფია“ გაიმართება

11 ივნისს, 16 საათზე, „წიგნის კლუბი“ აწყობს შეხვედრას, საჯარო დისკუსიას, თემაზე: „ფრანც კაფკა – შემოქმედება და ბიოგრაფია“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფრანც კაფკას შემოქმედებაზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი, გერმანისტი და მთარგმნელი დავით კირკიტაძე ისაუბრებს.
–  რა შემთხვევაში უნდა მოხვიდე აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად:
– თუ უბრალოდ გიყვარს კაფკა;
– თუ არა მხოლოდ გიყვარს კაფკა, არამედ გინდა, სხვა ადამიანების მოსაზრებები მოისმინო მის პიროვნებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით.
– თუ გინდა არა მხოლოდ სხვა ადამიანების მოსაზრებების მოსმენა, არამედ – საკუთარის გაზიარებაც.
– მართალია, ყველაფერი იცი კაფკასთან დაკავშირებით და ახალს ვერაფერს გაიგებ, მაგრამ გაინტერესებს მთარგმნელის მიერ კაფკას ნაწარმოებების თარგმნის პროცესში დანახული თავისებურებები და სირთულეები.
– თუ კაფკას პიროვნებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაგიგროვდა, რომელზე პასუხსაც ვერ პოულობ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ჩამოწერე მნიშვნელოვანი კითხვები და მოდი ღონისძიებაზე. შენი კითხვების გაჟღერების საშუალება აუცილებლად მოგეცემა.
– ხარ კაფკათი შეპყრობილი ადამიანი, ჩატარებული გაქვს უამრავი კვლევა და დაგიგროვდა იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აღმოჩენა, რომ მათი გაზიარების გარეშე გიჭირს ცხოვრების ბუნებრივ რეჟიმში გაგრძელება.
განხილული იქნება: რომანი „პროცესი”; აგრეთვე – „გარდასახვა”, „შრომა-გასწორების კოლონიაში”, „კანონის წინ”, „იმპერატორული უწყება” და ფრანც კაფკას სხვა ნაწარმოებები.
მისამართი: ქ. თბილისი, შ. დადიანის ქ. 30, Anticafe “Corner” \ ანტიკაფე “კუთხე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები