სეოკ-ის არჩევნების გაბათილებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო სავარაუდოდ 10 ივნისს მიიღებს
გაბათილდება თუ არა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები, სავარაუდოდ, 10 ივნისს გახდება ცნობილი. საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, მომდევნო სხდომაზე გამოცხადდეს. მანვე აღნიშნა, რომ სეოკ-ს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია მათი სასარჩელო მოთხოვნის გასაბათილებლად.
მოპასუხე მხარის ადვოკატმა, ირაკლი ყანდაშვილმა საკითხის შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას მხარე არ ეთანხმება. სასამართლო პროცესზე რეპლიკით ისარგებლა თავად ირაკლი მეძმარიაშვილმა, რომელმაც მოსამართლეს დაუდასტურა, რომ სარჩელის შეტანა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა. ირაკლი მეძმარიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მოთხოვნას, გაბათილდეს 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები, დააკმაყოფილებს.
მომდევნო სასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, მათ ასევე, შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილს გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. საქმეზე მომდევნო სასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება. საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.