ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული კედლის მოხატულობის აღდგენის სამუშაოები გრძელდება
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ხანძრის შედეგად დაზიანებული კედლის მოხატულობის აღდგენითი სამუშაოების მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იქნება. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ქართველი სპეციალისტები, უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული მეთოდოლოგიით, განსაკუთრებით ღრმად ჩამჯდარ ჭვარტლის ფენებს ასუფთავებენ.
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მოხატულობას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამარ მეფის პორტრეტია.
სპეციალისტების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაიმედებელია. თამარ მეფის კედლის მოხატულობაზე გაწმენდითი სამუშაოების მესამე ეტაპი ჯერჯერობით არ დაწყებულა.
„თამარ მეფის მოხატულობა მეორე ეტაპზე მხოლოდ ფუნჯით, მშრალი მეთოდით გაიწმინდა, გაცილებით უკეთესს მდგომარეობაშია ახლა და მესამე ეტაპის შემდეგ კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება“, – აცხადებს რესტავრატორი სალომე ახალაშვილი.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მომლოცველები და ტურისტები უპრობლემოდ დაიშვებიან, თუმცა პარაფინიანი და თაფლის სანთლის ანთება ტაძარში ამ დროისთვის აკრძალულია და სასანთლეები ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარეთაა გამოტანილი.
ხანძარი ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ ტაძარში 2016 წლის 1 ნოემბერს სასანთლე მაგიდიდან გაჩნდა. ხანძრის მთავარი კერა დასავლეთ კედელთან იყო. ყველაზე მეტად სწორედ ტაძრის ეს ნაწილი და კამარა დაზიანდა.